საქართველოს ვიზის გაცემაში ცვლილებები დამტკიცდა

ძირითადი ცვლილება ითვალისწინებს ვიზების არსებულ სახეობებში D5 კატეგორიის დამატებას.

მთავრობამ საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილება გამოაქვეყნა. ახალი ნორმატიული აქტი ძველთან შედარებით, რომელიც გასულ წელს მიიღეს, გაცილებით ლოიალურია და მასში დაზუსტებულია ტერმინები თუ ვალდებულებები.

ძირითადი ცვლილება ითვალისწინებს ვიზების არსებულ სახეობებში D5 კატეგორიის დამატებას. ეს ვიზა კი გაიცემა პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს უძრავ ნივთს და რომლის საბაზრო ღირებულება 35 000 აშშ დოლარს აღემატება (ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ მესაკუთრეები მისი ოჯახის წევრები არიან). ქონების ღირებულებას ადგენს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. თუმცა ეს არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. D5 კატეგორიის ვიზა გაიცემა საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით ერთი წლის ვადით. მისი მოქმედების ვადა კი წყდება შესაბამის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში. ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება შესაბამისმა სტრუქტურებმა 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღონ.

ამასთანავე, ახალი დადგენილების მიხედვით, D4 კატეგორიის ( ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე) ვიზა გაიცემა, თუ მათი ოჯახის წევრები უკვე ფლობენ D1 , D2, D3 ვიზებს (ამ ვიზებით სარგებლობენ საქართველოში შრომითი საქმიანობით. მეცნიერული, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით, ან ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მყოფი პირები). 5 დღით იზრდება ტრანზიტული ვიზის ვადა და ამიერიდან 10 დღეს შეადგენს. დადგენილების მიხედვით, შემოდის კომერციული შუამავლის ცნება - საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება მიანდოს კომერციულ შუამავალს. ამ მოქმედებების განხორციელების პირობები კი განისაზღვრება სამინისტროსა და კომერციულ შუამავალს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

დადგენილებაში აისახა ელექტროული ფორმით სავიზო განაცხადის წარდგენის წესები, კერძოდ, განაცხადის www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია: ა) ვიზის გაცემა დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ; ბ) საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გაცემა; გ) ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება. რაც შეეხება მეორე ვებ-გგვერდს - e-VISA PORTAL- მისი მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი უცხოელის მიერ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია სამინისტროს მიერ მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემა. მის გაცემაზე გადაწყვეტილება კი შესაბამისმა ორგანოებმა 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიიღონ

დაზუსტებულია სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები, კერძოდ, . ვიზის მიღების მსურველი პირი უნდა ფლობდეს საქართველოში ყოფნის პერიოდში მოქმედ სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაფარავს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს. სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა მოქმედებდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ამასთან, ვიზის მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს სამოგზაურო დაზღვევა შემდეგი პირობის დაცვით − გრძელვადიანი ვიზის მისაღებად წარსადგენი სამოგზაურო დაზღვევა მოქმედი უნდა იყოს ვიზის მოქმედების ვადის განმავლობაში. მრავალჯერადი ვიზის შემთხვევაში, მეორე და ყოველი შემდგომი ვიზიტისას სამოგზაურო დაზღვევის ფლობის ფაქტი მოწმდება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო-გამტარ პუნქტში ინსპექტირებისას.

დადგენილებაში დამატებულია 34 -ე მუხლი, რომლის მიხედვით, უცხოელებს უფლება აქვთ მოითხოვონ D3 და D5 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება. აღსანიშნავია, რომ D3 კატეგორია საქართველოში სასწავლებლად მყოფი პირებისთვისაა განკუთვნილი. გარდამავალი დებულების მიხედვით, უცხოელს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2014 წლის 17 მარტამდე და 2014 წლის 25 დეკემბრისთვის იმყოფებოდა საქართველოში, უფლება აქვს, 2015 წლის 1 ივლისამდე, ამ წესის შესაბამისად, სამინისტროს წარუდგინოს სავიზო განაცხადი საქართველოს ტერიტორიაზე საიმიგრაციო ვიზის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

ბელა ნოზაძე