ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები სტიქიით დაზარალებულებს 35 000 დოლარით დაეხმარებიან

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრები სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს 35 000 დოლარით დაეხმარებიან.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოში ითქვა, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩინეთ-საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაციის პრეზიდენტის, საკრებულოს ფრაქციის "თბილისელები" თავმჯდომარის გიორგი მუსხელიშვილის ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე თავმჯდომარის მოადგილეები და დეპუტატები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდნენ.

საკრებულოს დეპუტატის გიორგი მუსხელიშვილის ინფორმაციით, ქალაქ კუიტუნის დელეგაცია, ქალაქის მერისა და კომუნისტური პარტიის მდივნის მეთაურობით, საქართველოს დედაქალაქში სტიქიით დაზარალებულთა პრობლემების გაცნობისა და მათი დახმარების მიზნით ჩამოვიდა. "დელეგაცია 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის შედეგებს ადგილზე გაეცნო და მნიშვნელოვან მატერიალურ დახმარებას დაგვპირდა. დელეგაციის წევრები დღესვე დამეგობრების ხელშეკრულების გასაფორმებლად ქალაქ თელავში მიემგზავრებიან და სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, გარკვეული პროექტების ინვესტირებას გეგმავენ", - განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.