ნოდარ ებანოიძე: ვფიქრობ, ეროვნული ბანკის სისტემაში ზედამხედველობის მიმართულების გაძლიერება უფრო მოხერხებული იქნებოდა

ვფიქრობ, ეროვნული ბანკის სისტემაში ზედამხედველობის მიმართულების გაძლიერება ჩვენს პირობებში იქნებოდა უფრო მოხერხებული და უფრო სწორი, - ამის შესახებ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ განაცხადა. ებანოიძემ, რომელიც აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია, ისიც აღნიშნა, რომ სექტორული დაყოფა სიახლეს არ წარმოადგენს.

"ის, რომ ჩვენ დავიწყეთ სექტორული დაყოფა, არ არის ახალი. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე სექტორი გამოიყო, მათ შორის იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რაზეც ასევე არსებობდა გარკვეული ვნებათაღელვა, მაგრამ ვერ მეტყვის ვერავინ, რომ ამ სექტორის გამოყოფას რაიმე სირთულე მოჰყვა. პირიქით, ვფიქრობ, სექტორული დაყოფა გარკვეულწილად არის დადებითი მოვლენა", - განაცხადა ებანოიძემ.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა კოლეგებსაც მიმართა და თხოვა, საკანონმდებლო ინიციატივა "პოლიტიკური მომენტების" გარეშე განიხილონ. "მე გთხოვთ ერთ რამეს. დავანებოთ თავი პოლიტიკურ მიმართებას და სუფთად ვილაპარაკოთ რა რისკებია, როგორი რისკებია. ეს მიგვიყვანს გარკვეულ სწორ გზამდე. იყო საუბარი მათ შორის იმაზეც, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი სუსტდება... არ გვინდა ეს პოლიტიკური მომენტები. გადავიდეთ უფრო მეტად იმაზე, რაც არის წარმოდგენილი", - მიმართა ებანოიძემ კომიტეტის წევრებს.

ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილება.