დავით ონოფრიშვილი: ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფაზე კანონს დიდი ალბათობით კონსტიტუციასთან პრობლემა ექნება

ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონს დიდი ალბათობით კონსტიტუციასთან პრობლემა ექნება, - ამის შესახებ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე "თავისუფალმა დემოკრატმა" დავით ონოფრიშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკი ბანკთა ბანკია, რა სტატუსიც იმის გამოც განესაზღვრება, რომ მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია საბანკო ზედამხედველობაა. ონოფრიშვილის აზრით, ეროვნული ბანკიდან აღნიშნული ფუნქციის გამოყოფა, რაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივითაა გათვალისწინებული, მისი, როგორც ბანკთა ბანკის როლს ასუსტებს. "ამ კანონს დიდი ალბათობით კონსტიტუციასთან ექნება პრობლემა, რომელშიც წერია, რომ ეროვნული ბანკი არის ბანკთა ბანკი და აქ ზედამხედველობის ფუნქცია არის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია – ამიტომ არის ბანკთა ბანკი, რომ კომერციულ ბანკებზე შეუძლია შესაბამისი ზედამხედველობის განხორციელება, რისი უფლებაც ამ კანონპროექტით ერთმევა", - განაცხადა ონოფრიშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის აზრით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტში "სერიოზული პრობლემები ჩანს" იმ ახალი საბჭოს ნაწილშიც, რომელიც ცვლილებებით, საზედამხედველო სააგენტოს ბაზაზე უნდა შეიქმნას. "კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ საბჭოს ორ-ორი წევრის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრთა 6 კაციან ჯგუფს და ფრაქციას. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს პირდაპირ აქვთ თავიანთი წევრების წარდგენის და ლობირების საშუალება. ეს ჩანაწერი საბჭოს პოლიტიზირებაზე მიანიშნებს", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა.

სხდომაზე ონოფრიშვილი კანონპროექტის ავტორებისგან დაინტერესდა, ინიციატივის არსთან დაკავშირებით მიმართეს თუ არა ევროპის ცენტრალურ ბანკს და ევროკავშირის ექსპერტებს, რასაც საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი ავალდებულებს.