საბანკო ასოციაცია საზედამხედველო სააგენტოს საბჭოში ერთ წევრს ითხოვს

"საბანკო ასოციაცია" ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შემთხვევაში საზედამხედველო სააგენტოს საბჭოში ერთი წევრის შეყვანას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნა პარლამენტის 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხი განიხილება, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ დააყენა.

"თუ ვინმე პოლიტიკურ განცხადებას ელოდება, დიდი ბოდიში. იმედი უნდა გაგიცრუოთ, რადგან ჩვენი მიზანი არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის. ჩვენ თავდაუზოგავად ვიმუშავეთ, რომ ამ კანონპროექტს მიეღო ნორმალური სახე და ჩვენი შენიშვნები და წინადადებები წარვუდგინეთ კანონპროექტის ინიციატორებს. ვთვლით, რომ როგორც მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და პარლამენტს, კომერციული ბანკებისთვისაც ყველაზე მინიმალურია ის ერთი კაცი, რომელიც ჩვენ შეიძლება საბჭოში წარვადგინოთ და არავითარ ინტერესთა კონფლიქტს აქ ადგილი არ ექნება... თუ ამას არ მოგვცემთ, არც ეს იქნება პრობლემა", - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

გარდა ამისა, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის აზრით, სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელსაც საბჭო წარადგენს, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ასევე, მისი თქმით, აუცილებელია, საბჭოს წევრს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში საფინანსო სექტორში მუშაობის უფლება არ ჰქონდეს, ამ პერიოდში კი მას სახელფასო სარგო შეუნარჩუნდეს.

"აუცილებელია, რომ მკაცრად დადგინდეს კრიტერიუმებიც, რომლითაც მოხდება საბჭოს წევრების და ხელმძღვანელის წარდგენა", - აღნიშნა მან.

ზურაბ გვასალიას თქმით, მათი დიდი თხოვნაა ასევე, რომ ბოლო ინსტანციის კრედიტორის ფუნქცია დარჩეს ეროვნულ ბანკში.

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის სააგენტოში გადატანა", - განმარტა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.