სპეციალისტები ფასიან გზას ეწინააღმდეგებიან

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი ჯერ რეალურად არც არსებობს, მაგრამ საგზაო ტარიფებზე აქტიურად მსჯელობენ. მთავრობა ცდილობს, პროექტში ჩაიდოს ალტერნატიული გზის მშენებლობაც, ხოლო ქვეყნის მთავარი მაგისტრალის, რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილება ფასიანი გახდეს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამ იდეას ოპონენტები მალევე გამოუჩნდნენ. ფასიანი გზის შესახებ მოსაზრებას სატრანსპორტო დარგის სპეციალისტები კატეგორიულად ემიჯნებიან. ერთადერთი გამოსავალი, მათი შეფასებით, უნდა იყოს ტრანზიტული სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გზით სარგებლობისთვის გადასახადის გადახდა დაეკისრება. როგორც ვიცით, ფასიანი გზის თემა საქართველოში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ გახდა აქტუალური. ამ სიახლის შესახებ პირველად ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. საუბარია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთზე. ახალი გზის მშენებლობას, დაფინანსების შემთხვევაში, მთავრობა უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდა მოუწევთ მოქალაქეებს ამ გზით სარგებლობისას.

"საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ ნაწილში, გზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ყველაზე რთულ მონაკვეთზე არის სერიოზული პრობლემა. ამიტომ განიხილება რამდენიმე ვარიანტი. უპირველეს ყოვლისა, ეს გზა მნიშვნელოვნად შეამოკლებს როგორც მანძილს ხაშურსა და ზესტაფონს შორის, ასევე დროს. განიხილება სხვადასხვა ვარიანტი. ერთ-ერთი ვერსიით, გზა შეიძლება იყოს ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იქნება ალტერნატიული გზა. სხვა შემთხვევაში, ეს ვარიანტი არ განიხილება", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოხდეს და ამავე დროს დარჩეს ძველი გზა, რომელიც ასევე სათანადო დონეზე იქნება აღჭურვილი. მთავრობის გათვლით, პროგრამა დაახლოებით სამწლიანი იქნება. სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ავტომაგისტრალის მშენებლობა მთლიანად დასრულდება.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 750-800 მილიონიდან შეიძლება 1,1 მლრდ-მდე გაიზარდოს და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზა იქნება არჩეული. "ჩვენ უნდა დავტოვოთ ალტერნატიული გზა ყველა შემთხვევაში, იქნება თუ არა შესაძლებელი ინვესტორის მოძიება. ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და საქართველოში კატაკლიზმებმა ძალიან იმატა. უბედური შემთხვევის გამო რომ არ მოხდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მოწყვეტა, ალტერნატიული გზა უნდა დავტოვოთ. ამ ზომების მიღება მოგვიწევს მიუხედავად იმისა, რომ პროექტს დაახლოებით 300 მილიონი დოლარით აძვირებს", - აცხადებს ჯავახიშვილი.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ამბობს, რომ რიკოთის უღელტეხილზე ავტომაგისტრალის მშენებლობის იდეა ახალი არ არის და რეალურად 10 წლის წინათ გაჩნდა, თუმცა მაშინ ამ იდეის განხორციელება წარმოუდგენელი იყო. "არავინ დაიბრალოს, რომ ახალი ინიციატივის ავტორია. რეალურად ეს აზრი 10 წლის წინათ გაჩნდა, მაგრამ მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. საკმაოდ რთული პროექტია იქიდან გამომდინარე, რომ გზის ამ მონაკვეთზე მეწყერულ რისკი მაღალია და გზის შენახვა-ექსპლოატაცია დიდ ფინანსურ ხარჯს უკავშირდება. ჯერჯერობით ფასიან გზაზე საუბარი მიუღებელია. არ შეიძლება ტარიფის დაწესება ამ მაგისტრალზე მაშინაც, როცა პროექტი რეალურად განხორციელდება. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოქალაქეებისთვის რაიმე გადასახადის გადახდას, თუმცა ტრანზიტულ სატრანსპორტო საშუალებებს ტარიფი უნდა დაუწესდეთ", - აცხადებს მესხიშვილი და დასძენს, რომ მიუღებელია, მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული თანხა გზის ექსპლოატაციას მოხმარდეს.

"მსგავსი პრაქტიკა არსებობდა ადრეც და ტრანზიტული ტრანსპორტით გადაადგილებისთვის ადამიანები გადასახადს იხდიდნენ. მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს მოკლე გზა სჭირდება იმისთვის, რომ კომფორტულად გადაადგილდეს და რეგიონებიდან დედაქალაქში სარეალიზაციო ტვირთის ჩამოტანა გაუადვილდეს. მათი ჯიბიდან ამოღებული თანხით კეთდებოდეს გზა, ჩვენთვის მიუღებელია. ნურავინ შეეცდება, ამ გადაწყვეტილების სისწორეში განვითარებული ქვეყნების მაგალითებით დაგვარწმუნოს. სახელმწიფომ შეინახოს, ფეხზე დააყენოს მოსახლეობა და შემდეგ ისაუბრონ საგზაო გადასახადებზე", - დასძენს დავით მესხიშვილი.

ანალოგიური მოსაზრებისაა ეკონომიკის სფეროს ექსპერტი ზვიად კანდელაკი.

მისი განცხადებით, ფასიანი გზა საქართველოსთვის ერთ-ერთი საკითხია, რაშიც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ლოგიკურად არ იქნება გამართლებული. "საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, გზა კომფორტული და უსაფრთხო იყოს. სხვა ქვეყნების პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, საგზაო ტარიფი მონაკვეთების მიხედვით განისაზღვრება და ერთი მიმართულებით მანძილის დაფარვა საშუალოდ 20-40 დოლარი ჯდება. შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ამ მასშტაბის გადასახადი არ დაწესდეს, მაგრამ არც იაფი იქნება. ამიტომ მოსახლეობას მისი გადახდა გაუჭირდება. გამოდის, რომ ახალი გზით შეძლებული მოქალაქეები ისარგებლებენ და ალტერნატიული გზა შედარებით ღარიბი მოსახლეობისთვის დარჩება. უმჯობესია, საზოგადოების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნონ. ჩქაროსნული მაგისტრალი ძალიან კარგი პროექტია და ამ გზით სარგებლობა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს", - განმარტავს კანდელაკი.

სპეციალისტის ინფორმაციით, ფასიან გზებთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დანერგილი. იგი განსაკუთრებულად ევროპისთვისაა დამახასიათებელი. პროექტის ანალოგი წარმატებით ხორციელდება პოლონეთში, თურქეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში და სხვა. თითქმის ყველა შემთხვევაში, ფასი განისაზღვრება ცალკეული მონაკვეთების მიხედვით, რეგისტრირებულ პირებს თანხის გადახდა შეუძლიათ როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე საბართე ოპერაციების საშუალებით.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"