ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების მხოლოდ 30 პროცენტი იქნება ახალი

2015-2016 სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების მხოლოდ 30 პროცენტი იქნება ახალი. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წელს შედარებით ცოტა წიგნები დაიბეჭდება.

"როგორც იცით, არის გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლითაც სარგებლობს განათლების სამინისტრო. ის თვითონ ბეჭდავს სახელმძღვანელოებს, ხოლო არის არაგრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელიც ასევე სავალდებულო ლიტერატურას წარმოადგენს და მათი შეძენა პირდაპირ ხდება გამომცემლებიდან. ორივე წყაროდან შეძენილი თუ დაბეჭდილი სახელმძღვანელოები ჯამში, წელს, ღირებულების თვალსაზრისით იქნება დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე. აქედან დაახლოებით 4 მილიონი ლარი არის პირდაპირ შესყიდული გამომცემლებისგან. დანარჩენზე მიმდინარეობს ბეჭდვა, ხოლო ბეჭდვისთვის გამოცხადებულია ტენდერი", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე განცხადებით, გასულ წელს განათლების სამინისტროს ორივე ტიპის წიგნების დასაბეჭდად მთლიანად 13 მილიონი ლარი დასჭირდა. "შარშან დაიბეჭდა მთლიანი რაოდენობის 60%. წელს დაიბეჭდება 30%", - აღნიშნა სანიკიძემ.  მინისტრის თქმით, ახალი წიგნების დაბეჭდვასთან დაკავშირებით უკვე გამოცხადებულია ტენდერი, რომელშიც გამარჯვებული სამშაბათს გახდება ცნობილი. სანიკიძის ინფორმაციით, 2015-2016 სასწავლო წლისთვის მოსწავლეებს მაღალ ქულად შეფასებული სახელმძღვანელოები გადაეცემათ.

"ამ ეტაპზე დასრულებელია უკვე ჩაბარებული სახელმძღვანელოების ინვენტარიზაცია და მათი ძირითადი ნაწილი ვარგისია. ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. 2013-2014 წლებში გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა ქაღალდისა და საღებავების უვნებლობის ხარისხი. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსწავლეებში სახელმძღვანელოების მოხმარების კულტურა, იშვიათად ფიქსირდება წიგნების მიმართ უდიერი მოპყრობის ფაქტები. შედეგად, წელს წიგნების დიდი უმრავლესობა მაღალი ქულით შეფასდა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.