"მიუღებელია ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა, რომელიც ანგრევს ეროვნულ ბანკს"

ორჯერ 67 შენიშვნაც რომ იყოს გათვალისწინებული, მიუღებელია ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის პრინციპი, რომელიც უაპელაციოდ ანგრევს ეროვნულ ბანკს, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" შესაბამისი კანონპროექტის ავტორების განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომელთა ინფორმაციითაც, საკანონმდებლო ცვლილებების დამუშავებისას 67 შენიშვნის გათვალისწინება მოხდა.

როგორც აბაშიშვილმა განმარტა, საბანკო ზედამხედველობის "გარეთ გასვლა" ფინანსურ სტაბილურობას ასუსტებს. "ეს ცვლილება ასუსტებს ფინანსურ სტაბილურობას. კონსტიტუციის 95-ე მუხლის თანახმად კი, ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური რექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. თუ საბანკო ზედამხედველობის გარეთ გასვლა ფინანსურ სტაბილურობას ასუსტებს, პირდაპირ ჩნდება კითხვის ნიშანი, ასეთ ვითარებაში ეროვნული ბანკი შეასრულებს თუ არა თავის კონსტიტუციურ ფუნქციას?", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ბოლო წლებში საბანკო ზედამხედველობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთი ქოლგის – ეროვნული ბანკის ქვეშ გაერთიანების ტენდენცია შეინიშნება, რის დასტურადაც მან ევროპის ცენტრალური ბანკის ანალიზი მოიყვანა და ევროპის კონკრეტული ქვეყნების მაგალითებიც დაასახელა. "ევროპის ცენტრალური ბანკი ახდენს ანალიზს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტურია საბანკო ზედამხედველობის და მონეტარული პოლიტიკის ერთი ქოლგის ქვეშ – ეროვნულ ბანკში ყოფნა. მისი ანალიზით დასტურდება ზუსტად ის შეცდომები, რაც მიჩნეულია, რომ არის დაშვებული გაყოფით. მე შემიძლია გითხრათ ქვეყნები, რომლებიც გაერთიანების ტენდენციით მიდიან და ესენია: ბელგია, ფინეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი. ესენი არიან ევროპული ქვეყნები, რომლებიც მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, ახლა კი ჩვენ მივდივართ იმ გზით", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.

გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმასაც, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის იმ სახით ინიცირებით, როგორითაც ის პარლამენტში შევიდა, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განკარგულება დაირღვა. "აქ ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია, რომელიც უკავშირდება ასოცირების დღის წესრიგს, კერძოდ იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ ერთი მხრივ, უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მეორე მხრივ, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეეხება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, უნდა განხორციელდეს ევროკავშირის ექსპერტიზით, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით. ძალიან სამწუხაროა, რომ ასოცირების შეთანხმებიდან ერთი წლის თავზე ასოცირების დღის წესრიგი დავარღვიეთ", - განმარტა მან.