"ქსანი 500"-ის ავტოტრანსფორმატორებზე ძაბვის ავტომატური რეგულირების მოწყობილობების მოდერნიზაციის პროცესი დასრულდა

ქვესადგურის "ქსანი 500" ავტოტრანსფორმატორებზე (AT-3) ძაბვის ავტომატური რეგულირების მოწყობილობების (РПН) მოდერნიზაციის პროცესი დასრულდა.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" პრესსამსახურის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, "ელექტროენერგიის გადაცემის რეგიონალური ქსელის გაფართოების პროექტი" ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ქვესადგურის "ქსანი 500" სრულ რეაბილიტაციას, რომლის ღირებულება 9,9 მლნ ევროს შეადგენს.  "ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების გეგმის განუყოფელ ნაწილს. პროექტის განხორციელების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და ქვემო ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება, საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის გაზრდა და ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობა", - განაცხადა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ.

ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში ქვესადგურის "ქსანი 500" ავტოტრანსფორმატორებზე (AT-3) ძაბვის ავტომატური რეგულირების მოწყობილობების (РПН) მოდერნიზაციის პროცესი დასრულდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მკვეთრად შემცირდება AT-3-ზე, ექსპლუატაციაში მყოფი ფაზების - სარეზერვო ფაზით ჩანაცვლების პროცესისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობა. პროექტის განხორციელებამდე ამ პროცესს 10-12 დღე სჭირდებოდა, პროექტის განხორციელების შემდეგ ეს პროცესი 4 საათში დასრულდება. დროის ასეთი მკვეთრი შემცირება უზრუნველყოფს გადამცემი ქსელის იმედიანობის გაზრდას. ავარიის შემთხვევაში კი "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" დაზიანების კერის აღმოფხვრას, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვის გარეშე შეძლებს.

ქვესადგურის "ქსანი 500" სრული რეაბილიტაციის პროექტი 2016 წლის ბოლოს დასრულდება.