სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს ააშენებენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს აშენებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე, სადაც "ქვევრის სახლი" უნდა აშენდეს, კაფსულა ჩაიდო, სამშენებლო მოედნის საძირკველი კი ალავერდის მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა აკურთხა.

"პროექტის ძირითადი ბენეფიციარები კახეთის მოსახლეობა და რეგიონში ჩასული ტურისტები იქნებიან, სადაც ისინი გაუმჯობესებულ პირობებში გაეცნობიან ქართულ ძირძველ ტრადიციებს და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს ქვევრის დამზადების წესი და შენარჩუნებულ იქნეს უძველესი ტრადიციები. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია კიდევ ერთი განსაკუთრებული გარემოების გამო. ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე აქვს მინიჭებული, რაც პროექტს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქვევრის სახლში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც რეგიონს დასაქმების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. გარდა ამისა, 2016 წლის სექტემბრამდე მშენებლობის პროცესში 70 ადამიანი იქნება დასაქმებული", - აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

პროექტის ფარგლებში სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და ერთსართულიანი საწარმო, კერძოდ, ქვევრის დასამზადებელი საამქრო შენობა აშენდება. ამას გარდა, ობიექტს ექნება მუზეუმი, სადაც უძველესი თიხის ჭურჭელი გამოიფინება. "ქვევრის სახლში" ასევე იქნება ბიბლიოთეკა და ინტერნეტ-კაფე. ამასთან, ტურისტებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ და თავად დაამზადონ თიხის ჭურჭელი. პროექტით გათვალისწინებულია წყალსადენი სისტემის, კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, ელექტროგაყვანილობის, გათბობისა და გაგრილების, ვენტილაციის და გაზმომარაგების სისტემის მოწყობა. 

"ქვევრის სახლის" სკოლა-სახელოსნო კომპლექსურ ნაგებობათა ტიპს განეკუთვნება. იგი იყალთოს მონასტერთან ახლოს შენდება და პროექტის ღირებულება 2 290366,37 ლარია. მშენებლობა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის განხორციელების მიზანი ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებაა.