კანადა რუსეთის და ყირიმის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს აწესებს

კანადა რუსეთის და ყირიმის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, კანადის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

როგორც პრემიერ სტეფან ჰარპერის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვები დაწესდა რუსეთის სამი მოქალაქის და 14 რუსული კომპანიის წინააღმდეგ. ე.წ დამატებით შავ სიაში მოხვდნენ რუსული ნავთობკომპანია "გაზპრომი" და "ტრანსნეფტი" და ასევე პუტინთან დაახლოებული ბაიკერების ჯგუფი "ღამის მგლები".  "ვიდრე მშვიდობა არ დაისადგურებს, ოკუპირებული ძალები არ დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება აღდგენილი, პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ზეწოლა უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა კანადის პრემიერმა.

კანადის მიერ ამ დრომდე შემუშავებული "შავი სია" 200-ზე მეტ რუსულ კომპანიას და ფიზიკურ პირს მოიცავს.