საბერძნეთში მცხოვრები ქართველები კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ

საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ.

საბერძნეთში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, მთელი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ, დამსაქმებლები კი პირდებიან, რომ დავალიანებას ეტაპობრივად გაუსტუმრებენ. მათივე ცნობით, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და მათ, ვისაც საბერძნეთის მოქალაქეობა არ აქვს, ქუჩაში გამოსვლისაც ეშინია. "ველოდებით რეფერენდუმის შედეგებს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, დავრჩებით თუ არა ქვეყანაში. თუ საბერძნეთი ევროზონიდან გამოვიდა, უცხოელების მიმართ გამკაცრდება მოთხოვნები და შესაძლოა, აქ მუშაობა ვეღარ შევძლოთ", - აცხადებენ ქართველები.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, მოსახლეობა პანიკაშია. გასულ კვირას ბანკებთან და ბანკომატებთან რიგები არ წყდებოდა. მოქალაქეებს მასობრივად გაჰქონდათ დიდი რაოდენობის თანხა, რის გამოც, ქვეყნის მთავრობამ ბანკების ერთი კვირით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბანკომატებიდან თანხის გატანა კი შეზღუდა. დაწესდა დღიური ლიმიტი - მაქსიმუმ 60 ევროს ოდენობით.

ამასთან, საბერძნეთში რეფერენდუმი 5 ივლისისთვის არის დაგეგმილი. რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, უჭერენ თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვენ. თუ ამომრჩეველი ევროზონის წინადადებას დათანხმდება, პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი თანამდებობის დატოვებით იმუქრება. თავის მხრივ ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ თუ 5 ივლისის რეფერენდუმზე ბერძენი ამომრჩეველი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.