სამხარეო ადმინისტრაციებში 2012-2015 წლებში 3 მლნ ლარზე მეტი პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა

სამხარეო ადმინისტრაციებში 2012-2015 წლებში 3 მილიონ ლარზე მეტი პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა, - შესაბამის ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს, რომელმაც საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 3 419 880 ლარი გაიცა, მათ შორის 2 935 693 ლარის ოდენობის პრემია და 484 187 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი.

"აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, 2013-2014 წლებში, გაცემული პრემიების ოდენობა ყველა გუბერნიაში შემცირდა, თუმცა 2014 წელს, იმაზე მეტი თანხა გაიცა, ვიდრე – 2013 წელს. პრემიასთან ერთად, სახელფასო დანამატი 2012-2013 წლებში გაიცა მხოლოდ იმერეთის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიებში, 2014 წლიდან კი სახელფასო დანამატი ყველა გუბერნიაში გაიცემა.  2014 წელს სახელფასო დანამატი მხოლოდ გუბერნატორებს აქვთ მიღებული და როგორც წესი, იგი სახელფასო ანაზღაურების ტოლია. დანამატს გუბერნატორები ყოველთვე იღებენ.  2015 წლიდან სახელფასო დანამატი გუბერნატორთან ერთად სხვა თანამდებობის პირებზეც გაიცემა. იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციებმა მხოლოდ პრემიისა და დანამატის სახით გაცემული თანხების წლიური ჯამები მოგვაწოდეს. შესაბამისად, კვლევაში ზემოაღნიშნული სამხარეო ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა მიერ მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში".