კომპანია "გაგრა პლუსის" საწყობში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, კომპანია "გაგრა პლუსის" საწყობში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა საკონდიტრო მასალები და ლიმონათის ესენციების მარაგი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

როგორც ადგილზე "გაგრა პლუსის" გასყიდვების მენეჯერმა ალექსანდრე კოპალიანმა განაცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, მოძველებული გაყვანილობა გახდა. მისი თქმით, 112-ის სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა, რის შედეგადაც საწყობში განთავსებული საკონდიტრო პროდუქტების დიდი ნაწილი დაწვას გადაურჩა. ადგილზე დაქცეულია ძმარმჟავა, რის გამოც ხანძრის ტერიტორიაზე მძაფრი სუნია, თუმცა როგორც თანამშრომლებმა განაცხადეს, მძაფრი სუნის შედეგად თანამშრომლებს ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნებათ.

შეკითხვაზე, იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული, თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყო, თუმცა ხანძარი, სავარაუდოდ, მოძველებულმა გაყვანილობამ გამოიწვია. მათი ინფორმაციით, მომხდარის შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.