როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი ციფრული მაუწყებლობის მისაღებად

საქართველო დღეიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, დღეს, 10:00 საათზე ანალოგური მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშა, რომელიც შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს აერთიანებს - თბილისი, საგარეჯოს რაიონი, კოჯორი, რუსთავი და მარნეული.

რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა, როცა ტექნიკის მაღაზიაში ტელევიზორს ყიდულობს იმისათვის, რომ მიიღოს ციფრული ღია საეთერო პროგრამები? როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, თუ მომხმარებელს სურს შეიძინოს ახალი, თანამედროვე ტელევიზორი, რათა მიიღოს ციფრული ღია საეთერო პროგრამები, უნდა შეარჩიოს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორი.

ტელევიზორის შერჩევის შემდეგ მომხმარებელმა უნდა სთხოვოს მაღაზიის კონსულტანტს, რომ აღნიშნული ტელევიზორი მიაერთოს ღია საეთერო სამაუწყებლო ანტენას, რათა დარწმუნდეს, რომ პარალელური მაუწყებლობის დროს (2015 წლის 17 მარტიდან 17 ივნისამდე) იღებს არანაკლებ 8 პროგრამას.

რეკომენდებულია, ტელევიზორს თან ახლდეს RoHS და CE სერთიფიკატები იმის დასადასტურებლად, რომ საქონელი აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დადგენილ მომხმარებელთა უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს.

მომხმარებელი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რომ აღნიშნულ ტელევიზორს შეუძლია ელექტრონული პროგრამების გზამკვლევის ჩვენება და აგრეთვე, ქართული შრიფტის აღქმა. ასევე, სასურველია, ტელევიზორს თან ახლდეს ქართულენოვანი სამომხმარებლო ინსტრუქცია. მყიდველმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს, მოჰყვება თუ არა ტელევიზორს საგარანტიო პირობები.

ცნობისთვის, ”პალიტრა TV” დღეიდან უკვე ციფრულ მაუწყებლობაზეა და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობაში, ეტაპობრივად, მთელ საქართველოს დაფარავს.