ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5,5%-მდე გაზარდა

არსებული ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიმბული სესხი საქართველოში 7 ათასზე მეტ ადამიანს აქვს და შესაბამისად, მათთვის ამ სესხის პროცენტი კიდევ გაიზრდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5% პუნქტით, 5,5 პროცენტამდე გაზარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მონეტარული პოლიტიკის გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი შიდა და გარე რისკები.

"არსებული პროგნოზის შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას 2015 წლის ბოლოს 6.5 პროცენტამდე", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, შიდა მოთხოვნა კვლავ შესუსტებული რჩება. წინასწარი ინფორმაციით, მაისში ეკონომიკური აქტივობის ზრდა 2.1 პროცენტს შეადგენს.

"ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. საწვავზე ფასების წლიური კლება ნაწილობრივ აბალანსებს ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას. ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციები განაგრძობს უარყოფითი გავლენის გადმოცემას საქართველოს ეკონომიკაზე. შემცირებულია საქონლის ექსპორტი და ფულადი გზავნილები. ტურისტული შემოდინებების ზრდის ტემპი დაბალია. ასევე, ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე ზეწოლა ზრდის გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობას და ხელს უწყობს ინფლაციის მოლოდინის ზრდას. გაცვლითი კურსის არსებული ცვლილება აისახა იმპორტის მოთხოვნაზე, რაც, თავის მხრივ, საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას უზრუნველყოფს. მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს 2015 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ის მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. "მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი სხდომა 2015 წლის 12 აგვისტოს გაიმართება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით 5,0%-მდე მაისშიც გაზარდა.