ფოთი სუპერთასს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს უმასპინძლებს

ფოთი დღეს სუპერთასს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს უმასპინძლებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ევროპის სუპერთასის ფინალის აღსანიშნავად, რომელიც "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს თბილისში, "დინამო არენაზე" უნდა გაიმართოს, საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში უეფას სამი ტრიუმფალური სიმბოლო - სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის თასი და ევროპის ლიგის თასი ჩამოვა.

სუპერთასს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის თასებს დღეს საქართველოში პირველად ფოთში ჩაიტანენ, რომლებსაც 13:00 საათზე თეატრის შენობის წინ მოწყობილ სცენაზე განათავსებენ, სადაც ყველა მსურველს შეუძლია მივიდეს და ფოტოები გადაიღოს. პარალელურად მოეწყობა მინი სპორტული მოედანი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ცნობილ ქართველ ფეხბურთელებთან ითამაშონ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სუპერთასის ფინალისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დესპანი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე იქნება.