საგარეო უწყებამ 13 ივნისის სტიქიის გამო საერთაშორისო დახმარებებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ივნისის სტიქიის გამო საქართველოსთვის საერთაშორისო დახმარებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 13 ივნისის სტიქიური უბედურების დღიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით აქტიურად მუშაობს დაფარვის ქვეყნების დონორული დახმარების გამცემი სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების ხელმძღვანელობებთან, ისევე როგორც ადგილობრივ ბიზნეს საზოგადოებასთან. მისივე თქმით, სამინისტროს მიერ გაცემული ინსტრუქციის თანახმად, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებმა გახსნეს დამატებითი ე.წ. სპეციალური ანგარიშები და რეკვიზიტები განათავსეს საელჩოების ვებ გვერდებზე.

კერესელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, ხსენებულ ანგარიშებზე აკუმულირებული თანხის მთლიანი მოცულობა შეადგენს 57 400 დოლარს (დიასპორის და ფიზიკური პირების დახმარება).  "ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ: თურქეთის რესპუბლიკის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ტრაპიზონის რეგიონალურმა ოფისმა უსასყიდლოდ მოაწოდა საქართველოს 100 000 ამერიკული დოლარის ჰუმანიტარული ტვირთი; ავიაკომპანია "ეარ ასტანამ" სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად საქართველოს საელჩოს ანგარიშზე გადარიცხა 30 000 ამერიკული დოლარი, ალმატისა და ჟამბილის ოლქებში საქართველოს საპატიო კონსულმა, სეგუამ მზაობა გამოთქვა საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხოს 50 000 ლარი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სტიქიით დაზარალებულებისთვის გადმორიცხოს 100 000 ამერიკული დოლარი, ჩინურმა კომპანიებმა უკვე გადმორიცხეს დაზარალებულებისთვის 150 000 ლარი და საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდმა 300 000 ამერიკული დოლარი გადმორიცხა", - განაცხადა კერესელიძემ.

მისივე თქმით, ზემოხსენებულის გარდა რიგი პარტნიორი ქვეყნებიდან სტიქიის პირველივე დღიდან ხორციელდება სხვადასხვა სახის გადაუდებელი დახმარების გაწევა, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან, რაც გამოიხატება სხვადასხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალების მოწოდებით, მაგალითად - ტექნიკა, მუშები, ექსპერტები, სპეციალისტები და სხვა. კერესელიძე აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ გაცემული ინსტრუქციის თანახმად, საქართველოს საელჩოებმა შესაბამის ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს და ფონდებს მიაწოდეს თბილისის მერიის მიერ სპეციალურად მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ინფორმაცია სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის, დაზარალებული პირებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო მატერიალური ბაზის და ფინანსური რესურსების შესახებ.

"დღეისთვის პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობა ელოდება მსოფლიო ბანკისა და გაერო-ს ადგილობრივი წარმომადგენლობის მიერ Needs Assessment Study-ის და სპეციალური დასკვნითი დოკუმენტის გამოცემას, რის საფუძველზეც ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ტიპისა და მოცულობის დახმარებას გაუწევენ ქართულ მხარეს", - განაცხადა კერესელიძემ.