ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვის ლეში აღმოაჩინეს

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ვეფხვის ლეში.

13 ივნისის სტიქიის შედეგად განადგურებული ზოოპარკიდან ერთი ვეფხვი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. ერთმა კი, როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ადამიანი იმსხვერპლა.

თბილისის ზოოპარკი მტაცებელ ცხოველებს აღარ ეძებს. ამ დროისთვის დაკარგულად არც ერთი მტაცებელი აღარ ითვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი ლეში ნამდვილად ვეფხვის არის, რაც დასტურდება ცხოველში ჩამონტაჟებული ჩიპით, რომელიც დაზიანებული არ არის.

დაკარგული ვეფხვი "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, გაწმენდითი სამუშაოების დროს, ადგილზე მომუშავე პირებმა იპოვნეს. მათი თქმით, რამდენიმე დღეა ტერიტორიაზე მძაფრი სუნი იგრძნობოდა.

ზოოპარკიდან დაკარგულ ცხოველს 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ქალაქში ეძებდნენ.