მერია მზადაა, სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის თანხების გაცემის პროცესი დღეიდანვე დაიწყოს

სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის თანხების გაცემის პროცესი დაიწყება ხვალიდანვე, თუკი მიღწეული იქნება შეთანხმება, თუ რომელი პირობით სურს დაზარალებულს ანაზღაურების მიღება, - ამის შესახებ გუშინ, სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის დამტკიცების შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც შეთანხმება იქნება მიღწეული დაზარალებულთან, თუ განსაზღრული წესის რომელი ვერსიით სურს მიიღოს ანაზღაურება, თანხის გაცემა პრობლემას არ წარმოადგენს. წესთან ერთად, ქუმსიშვილის თქმით, დამტკიცდა პროცედურები, ასევე განცხადების ფორმები და ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებმა უნდა მიმართონ მერიას. "ძირითადი ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ წესში არის მოთხოვნილი, პრაქტიკულად ჩვენ შეგროვებული გვაქვს, ანუ ოჯახების მხრიდან, ჩვენ რაც დაგვჭირდება, არის განცხადების მარტივი ფორმა, რომელზეც დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში ოჯახებს ჩვენ თვითონვე დავეხმარებით. თანხების გაცემის პროცესი შეიძლება დაიწყოს ხვალიდანვე, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევთანხმდებით მოსახლესთან, პირველ ვერსიას ირჩევს თუ მეორე ვერსიას. როგორც შევთანხმდებით, თანხის გაცემა პრობლემას აღარ წარმოადგენს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სვანიძის ქუჩაზე ზარალთან დაკავშირებით ინფორმაცია მოპოვებულია. დასრულების პროცესშია წყნეთის ხევში ინფორმაციის მოპოვება. ვიცე-მერის განცხადებით, ლოკაციის ადგილებში, წყნეთსა და ახალდაბაში ინფორმაციის მოპოვება კვლავ გრძელდება, რაც ასევე მალე დასრულდება.