საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საბერძნეთში გამართული რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა თანამდებობა დატოვა.

როგორც ბერძენმა მინისტრმა "ტვიტერზე" დაწერა, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ გაიგო, რომ ევროჯგუფის ლიდერებს მოლაპარაკებებში მისი ჩართვა არ სურთ, რის გამოც თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

"მინისტრი აღარ ვარ! 5 ივლისის რეფერენდუმი ისტორიაში დარჩება, როგორც უნიკალური მომენტი, როცა პატარა ევროპული ნაცია წინ აღუდგა სავალო მონობას", - დაწერა იანის ვარუფაკისმა "ტვიტერზე".

საბერძნეთში 5 ივლისს გამართული რეფერენდუმის შედეგად, რეფერენდუმის მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია, საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნები შეასრულოს, 38,7% კი ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა.