სტიქიით დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესი დამტკიცდა

თბილისის საკრებულომ გუშინ, სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი 46 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამის შემდეგ ზარალის ანაზღაურება და კომპენსაციების გაცემა დაიწყება.

დამტკიცებული წესის თანახმად, დაზარალებულები იყოფა ორ კატეგორიად. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი სახლები და ეს სახლები არ ექვემდებარება აღდგენას, ხოლო მეორე კატეგორიას ექვემდებარებიან ის ოჯახები, რომელთა საცხოვრისებიც აღდგენას ექვემდებარება.  წესი ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს, კერძოდ, სულადობის მიხედვით ფართისთვის თანხის გამოყოფას და ასევე საბაზრო ღირებულებით იმ ქონების გამოსყიდვას, რაც დაზარალებულებს სტიქიის ადგილზე გააჩნდათ. დაზარალებულებს საშუალება ექნებათ აირჩიონ, რომელი ვარიანტია მათთვის მისაღები. საუბრისას ლექვინაძემ ასევე აღნიშნა, რომ ერთი და ორწევრიანი ოჯახებისათვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური კომპენსაცია თანხობრივად, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისათვის 65 კვ.მ ფართის ადეკვატური კომპენსაცია. ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისათვის 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური კომპენსაცია, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისათვის 110 კვ.მ ფართის ადეკვატური კომპენსაცია. ამასთან, ოჯახები სულადობის მიხედვით მიიღებენ საოჯახო პაკეტისათვის თანხას. კერძოდ, ერთი და ორწევრიანი ოჯახისათვის გათვალისწინებულია 8 000 ლარი, 3-4 წევრიანი ოჯახისათვის 8 700 ლარი, 5 და 6 წევრიანი ოჯახისათვის 9 400, ხოლო 7 და მეტი წევრიანი ოჯახისათვის 10 500 ლარი.