სუპერთასის ბილეთების გაყიდვის ზუსტი დრო კვლავ უცნობია

უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის კონკრეტული დრო კვლავ უცნობია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით,  მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების გეგმის შემუშავებას და სალაროების სათანადო დონეზე ტექნიკურ აღჭურვას, biletebi.ge-ს მონაცემთა ბაზის მოწესრიგებას და ბილეთების დახარისხებას.  ფედერაციაში განმარტავენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ბილეთების გაყიდვა დაიწყება. როგორც გასულ კვირაში ფედერაციაში აცხადებდნენ, გაყიდვა სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაიწყება.

უეფა-ს სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ს უნდა გაეყიდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო საიტმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ბილეთები სალაროებში გაიყიდება.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება.

უეფა-ს სუპერთასზე, რომელიც 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება, ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპის ლიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდებიან.