საბერძნეთში ბანკები კვლავ დაკეტილია

საბერძნეთში ბანკები კვლავ დაკეტილია. "ბიბისის" ცნობით, როგორც ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა გადადგომამდე განაცხადა, ბანკები ქვეყნის მასშტაბით ხვალიდან გაიხსნება. საბერძნეთში ბანკები ზუსტად ერთი კვირის წინ დაიხურა, დაწესდა ბანკომატებიდან თანხის გატანის ლიმიტიც 60 ევროს ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო ბანკებიდან თანხის გატანა.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ევროპელი ლიდერების მსჯელობის მთავარი თემა საბერძნეთი იქნება. როგორც მოსალოდნელია, გაიმართება არაერთი საგანგებო შეხვედრა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ის ევროკავშირის და ევროპის ცენტრალური ბანკის ლიდერებთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი კი დღეს პარიზში შეხვედრას გამართავენ. გარდა ამისა, ხვალ იგეგმება ევროზონის ლიდერების შეხვედრა.