ესპანეთი საბერძნეთისთვის მესამე საკრედიტო პროგრამის უზრუნველყოფაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არის

ესპანეთის მთავრობა მზად არის საბერძნეთისთვის მესამე საკრედიტო პროგრამის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, ესპანეთის ეკონომიკის მინისტრმა, ლუის დე გინდოსმა განაცხადა.  ესპანელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ბერძენ ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას.

საბერძნეთის მთავრობას შექმნილი კრიზისის შესახებ ევროზონის ლიდერებთან მორიგი მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მთავრობის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრას მართავს. პარალელურად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მსჯელობენ თავად ევროზონის ლიდერებიც. ხვალ კი ევროკავშირის საგანგებო სამიტი გაიმართება.