მთავრობა ფერმერთა კოოპერატივისთვის თხილის ქარხანას აშენებს

ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში სახელმწიფოსა და დონორების დაფინანსებით თხილის გადამამუშავებელი ქარხანა შენდება.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, საწარმო დღეში 24 ტონა პროდუქციას გადაამუშავებს, ამასთანავე, შესაძლებლობა ექნება 500 ტონა თხილი დაასაწყობოს. ქარხანა 5-წლიანი იჯარით ფერმერთა კოოპერატივს გადაეცემა, რომლის წევრთა რაოდენობა 500-ზე ნაკლები არ იქნება.

„ფერმერებს საშუალება მიეცემათ, თხილი უმაღლესი ტექნოლოგიების დაცვით ერთად გადაამუშავონ და შუალედური გადამყიდველის გვერდის ავლით, გაცილებით მომგებიან თანხად, ექსპორტზე თავად გაიტანონ. ხელისუფლება, თავის მხრივ, ეცდება მათ დაეხმაროს როგორც ტექნოლოგიების ათვისებაში (2017 წლამდე უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და HCCP-სა, თუ „გლობალ გეპის“ სერთიფიკატების მიღებაში), ასევე სავაჭრო პარტნიორის მოძიებაში“, - განაცხადა დანელიამ. მინისტრის თქმით, საწარმოს მშენებლობის ადგილი აფხაზეთთან სიახლოვის გამო შეარჩიეს. შესაბამისად, გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს შესაძლებლობა მიეცემათ ქარხანაში საკუთარი თხილი დაასაწყობონ და გააშრონ.

ქარხნის მშენებლობა 800 ათასი ლარი ჯდება, ხუთი წლის შემდეგ კი კოოპერატივს შესაძლებლობა მიეცემა, ობიექტის პრივატიზაცია განახორციელოს.

ბელა ნოზაძე