კომპანია "სტიმორი" ქართული პომიდვრის ექსპორტს ევროპაში გეგმავს

ქართულ-ისრაელურმა კომპანია "სტიმორმა", რომელმაც სამეგრელოში, სოფელ ცაიშში, გასულ წელს 5,5 ჰა-ზე თანამედროვე სათბური ააშენა, პომიდვრის პირველი მოსავალი რუსეთში ექსპორტზე გაიტანა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო სერთიფიკატის - "გლობალგეპის" - მისაღებად. კომპანია სერთიფიკატს, სავარაუდოდ, 2016 წლისთვის მიიღებს, რაც საშუალებას მისცემს, ექსპორტი ევროპაშიც განახორციელოს. "ამ ეტაპზე სეზონზე 200 ტონა პომიდვრის მოყვანა შეგვიძლია. იქიდან გამომდინარე, რომ სათბური თერმული წყლებით თბება, თვეში დაახლოებით, 25 ათას ლარს ვზოგავთ. შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია როგორც უცხოეთში, ასევე ადგილობრივ ბაზარზეც კონკურენტუნარიანია", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ავრუმ გაგულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 1 კგ პომიდვრის თვითღირებულება კომპანიას 80 თეთრი უჯდება, პროდუქცია კი 2 ლარად იყიდება. "სტიმორი" დამატებით 3,5 ჰა-მიწაზე ახალი სათბურის მშენებლობას გეგმავს, სადაც სხვა ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებს მოიყვანს. კომპანიაში უკვე 6,7 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 2 მილიონი დოლარი პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მიიღო. "სტიმორს" ახალი სათბურის მშენებლობისთვის დამატებით 6 მილიონი დოლარით დაფინანსება დაუმტკიცდა.

ბელა ნოზაძე