საბერძნეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებს ახალი წინადადებით მიმართავს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი დღეს, ევროზონის საგანგებო სამიტზე ევროპელ ლიდერებს ახალი წინადადებით მიმართავს. "ბიბისის" ცნობით, ათენი გეგმავს ვალის 30%-ის ჩამოჭრა მოითხოვოს. თუმცა, გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ საბერძნეთისთვის ვალის უპირობო ჩამოწერა ევროს ვალუტას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. პარალელურად, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები აცხადებენ, რომ საბერძნეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების კარი კვლავ ღიაა.

ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის თქმით, ათენი დღევანდელ სამიტზე ისეთი წინადადებით უნდა წარდგეს, ყურადღების მიქცევა რომ ღირდეს. დათანხმდებიან თუ არა ევროზონის ლიდერები ათენის მოთხოვნებს, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ევროზონის სამიტში მონაწილეობას საბერძნეთის ახალი ფინანსთა მინისტრი, ევკლიდ ცაკალოტოსიც მიიღებს.

საბერძნეთი დეფოლტის საფრთხის წინაშეა, ვინაიდან მას 331 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი მართებს საერთაშორისო კრედიტორებთან. ბანკები ქვეყნის მასშტაბით ხუთშაბათამდე კვლავ დაკეტილი რჩება.