საბერძნეთის კრიზისმა, შესაძლოა, რუბლი შეასუსტოს

საბერძნეთის კრიზისმა შესაძლოა, ირიბი გავლენა იქონიოს რუსეთის ეკონომიკაზეც. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ალექსეი ულუკაევმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ეროვნული ვალუტა საბერძნეთის კრიზისის ფონზე შესაძლოა, შესუსტდეს. "პირდაპირ გავლენას ეს არ მოახდენს რუბლზე, ვინაიდან ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობა არ არის მნიშვნელოვნად დიდი. ხოლო არაპირდაპირ ეს გავლენას მოახდენს ნავთობის ფასებზე. ნავთობის ფასის ცვლილება კი რუბლის კურსის დაცემაზე მოახდენს გავლენას", - აღნიშნა ულუკაევმა. ამასთან, როგორც რუსეთის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, საბერძნეთში შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა, კაპიტალის განვითარებად ბაზრებზე გადინება გამოიწვიოს.

საბერძნეთის მოსახლეობამ გასულ კვირას გამართულ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირა საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას რეფორმების განხორციელების შესახებ. კრიზისის გადაჭრის გზებზე დღეს ევროზონის საგანგებო სამიტზე იმსჯელებენ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი ევროპელი ლიდერების წინაშე ახალი წინადადებით წარდგება. რას შესთავაზებს ათენი საერთაშორისო კრედიტორებს და რა დათმობებზე წავა ევროპა, ეს სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.