"უეფას სუპერთასისთვის "დინამოს" სტადიონი აბსოლუტურ მზადყოფნაშია"

უეფას სუპერთასისთვის "დინამოს" სტადიონი აბსოლუტურ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს გუშინ, უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ეტაპის სამუშაოები, ეს არის ახალი სკამების მონტაჟი.

"30 ათას სკამზე მეტი უკვე არის დამონტაჟებული და ერთი კვირის განმავლობაში მთლიანად მოხდება ამ სკამების დამონტაჟება. აქედან გამომდინარე, ვამთავრებთ საკმაოდ დიდ და მოცულობით სამუშაოებს, რომელიც თბილისის მერიამ აიღო თავის თავზე და ჩავაბარებთ გამზადებულ სტადიონს ფეხბურთის ფედერაციას", - განაცხადა დავით ნარმანიამ და აღნიშნა, რომ ქალაქი მზად არის, უეფას სუპერთასს უმასპინძლოს.

სუპერთასის ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 12 ივლისს, 09.00 საათზე დაიწყება.