ემზარ ჯგერენაია - მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია

ეკონომიკური ექსპრეტი ემზარ ჯგერენაია შანხაის საფონდო ბირჟის ინდექსის დაცემას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ემზარ ჯგერენაია ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, 8 ივლისი მსოფლიო ეკონომიკისთვის ახალი კრიზისის დაწყების დღედ შეიძლება იქცეს.

”ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის მოტორი იყო დიდი ხნის განმავლობაში -დღეს კრიზისში ეფლობა. დღეს დილით შანხაის საფონდო ბირჟის ინდექსი დაეცა 6.4%-ით, ხოლო ინდექსი csi 300, სადაც შანხაის და შენჟენის უმსხვილესი კომპანიები შედიან  - 6.7%-ით.

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ბანკებს მისცა 19 მილიარდი, რათა მათ ოპერაციები გააცოცხლონ ბირჟაზე და ასევე მოუწოდა ფასიანი ქაღალდების რეგულატორმა წამყვან საბროკერო ფირმებს, რომ გაააქტიურონ ოპერაციები და ბაზარს დაუჭირონ მხარი. მიუხედავად ამისა, ეტყობა დღევანდელი მაჩვენებლებით, რომ ჩინეთის ფინასური ბუშტი სკდება და კრიზისი გარდაუვალია!

ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ყველა ნედლეულის ფასი დაეცემა  და მსოფლიო ბაზარს კრიზისი ელოდება.

საქართველოსათვის ჩინეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია. ბუნებრივია ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი უარყოფითი გარე ფაქტორი დაემატება, ეს მეტად სერიოზული ნიშანია მთავრობისათვის და სასწრაფოდ უნდა დასახონ პრევენციული გზები”, - წერს ემზარ ჯგერენაია.