სად შეგვიძლია დავისვენოთ 500 ლარის ფარგლებში

ყველაზე იაფი და ძვირად ღირებული კურორტები საქართველოში

ლარის უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურებამ თითქმის ყველა პროდუქციისა და მომსახურების გაძვირება გამოიწვია, გამონაკლისი არც ტურიზმის სფერო აღმოჩნდა. შექმნილი ეკონომიკური ვითარება უცხოელ ტურისტებზე მეტად ადგილობრივ ვიზიტორებზე აისახა. ზაფხულის დადგომასთან ერთად კი უფრო აქტუალური ხდება საკურორტო სეზონთან დაკავშირებული პრობლემები და დასვენების ფასები. Ambebi.ge დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა წელს, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანმა ერთი კვირით საქართველოს რომელიმე კურორტზე 500 ლარად დაისვენოს.

როგორც ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ია თაბაგარმა აღნიშნა, ამ ფასად შესაძლებელია დასვენება, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამსვენებელი საოჯახო სასტუმროებში გაჩერდება. "თუ საოჯახო სასტუმროებს ავიღებთ და დასვენება გვინდა საკურორტო ზონებში, 500 ლარად დასვენება შესაძლებელია როგორც მთის კურორტებზე, ასევე ზღვის კურორტებზეც. მაგალითად, ყაზბეგის საოჯახო სასტუმროებში კვებით ერთი ღამე 40-50 ლარი ჯდება. მგზავრობაც არ ღირს ძვირი სამარშუტო ტაქსით. ამ ფასად ერთი კვირით დასვენება შესაძლებელია სვანეთსა და შოვშიც. რაც შეეხება ზღვის კურორტებს, 1 კვირით 500 ლარად დასვენება შეგიძლიათ ქობულეთში, ბუკნარში და ციხისძირშიც, სადაც არის საოჯახო სასტუმროები კვებით. ერთი ღამის გათენება დაახლოებით 40 ლარი რომ ვიანგარიშოთ, 500 ლარი, მგზავრობის ჩათვლით, აბსოლუტურად საკმარისია", - აღნიშნა ია თაბაგარმა.

რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ კურორტებს, ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ რიცხვში კვარიათი, მესტია და ყაზბეგი შედის. თუმცა, აქაც ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დონის სასტუმროს ავირჩევთ.  "ყველაზე ძვირ კურორტებს შორის არის კვარიათი, შეიძლება ითქვას. თუმცა, იქ ყველა დონის სასტუმროა. ძვირიანი სასტუმროები არის მესტიაშიც, ყაზბეგშიც. ძვირადღირებულ სასტუმროებში 500 ლარი ნამდვილად არ ეყოფა დამსვენებელს. ანუ ფასი დამოკიდებულია სასტუმროს დონეზე", - აღნიშნა ია თაბაგარმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

რაც შეეხება კახეთის რეგიონს, სიღნაღში, ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში საოჯახო სასტუმროებშიც დაახლოებით იგივე ფასებია, რაც ზღვის კურორტებზე და მაღალმთიან რეგიონებში. ია თაბაგარის თქმით, ამ რეგიონში დასვენება ყველაზე ძვირი ტბების ირგვლივ მდებარე სასტუმროებშია: "სასტუმროები, რომლებიც ყვარლის, ილიას, ლოპოტას ტბებთან არსებობს, არის მაღალი კლასის სასტუმროები. თუმცა, მათზე ძვირს ვერ ვიტყოდი, ვინაიდან ფასი შეესაბამება მის კატეგორიას. ინფრასტრუქტურა არის დახვეწილი, მომსახურებაც. ძვირი შეგვიძლია ვთქვათ მაშინ, როდესაც ფასი და მომსახურება არ შეესაბამება ერთმანეთს".

მათ, ვისაც აქტიურად სურს დასვენება, შეუძლია შიდა ტურებით ისარგებლოს. არაერთი ტუროპერატორი მსურველს რამდენიმედღიან ტურებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ისტორიული ადგილების მონახულება და თან გართობა. სამდღიანი ტურები თუშეთსა და სვანეთში, საშუალოდ 150-250 ლარს შორის მერყეობს.

საქართველო მდიდარია კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებით. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 12 ათასზე მეტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. არსებობს სამკურნალო მიმართულების 2 400-ზე მეტი მინერალური წყალი, ამას გარდა, ქვეყანაში 103 კურორტია. ამგვარად როგორც უცხოელ, ასევე ქართველ დამსვენებელს დიდი არჩევანი აქვს. საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ფასების მხრივაც.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE