დავით ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" ხელოვნების მუზეუმს უახლოეს ხანში გადაეცემა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ხელოვნების მუზეუმს ფიროსმანის ნახატს - "არსენალის მთა ღამით" უახლოეს ხანში გადასცემს.

როგორც ლორთქიფანიძემ  განაცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების დაზუსტება. მისივე თქმით, ეს არის იურიდიული საკითხები, რომელიც ეხება ნახატის საქართველოში ჩამოტანასაც.  ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, ნახატი საქართველოში ჩამოტანილია თუ არა. მისივე თქმით, მუზეუმთან იყო კონტაქტი ბიძინა ივანიშილის წარმომადგენლების მხრიდან და მათგან მიიღო ინფორმაცია, რომ ნახატს მუზეუმს ნამდვილად გადასცემენ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" მილიონნახევარ დოლარად "კრისტის" აუქციონზე შეიძინა. აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა.

ტილო ბოლოს ლონდონის აუქციონზე 2010 წელს გაიყიდა. მანამდე ის 2007 წელს ნიუ-იორკის "სოტბის" აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.