ემპარდი: ევროპასთან ინტეგრაციის ერთი წელიწადი - დადებითი მოლოდინი გამართლდა

ევროპასთან ინტეგრაციის 1 წელიწადი - დადებითი მოლოდინი გამართლდა, - ამ სათაურით აქვეყნებს ემპარდის საკომუნიკაციო ქსელი მასალას.

როგორც მასალაშია ნათქვამი, ქართულ მედიაში შარშან ყველაზე ხშირად გაისმოდა კითხვა, რას იძლევა ევროპასთან ინტეგრაცია?  "თუკი მაშინ, პასუხი მხოლოდ ექსპერტებს ჰქონდათ და ისიც თეორიული, დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის თავზე ამ კითხვაზე უკვე მეწარმეებიც პასუხობენ, პირველ რიგში კი ფერმერები, რადგან საექსპორტო პოტენციალის მასობრივი წარმოება დღეს სწორედ ქართულ აგრო-სფეროს აქვს. ექსპერტები შარშან ვადად 2-3 წელიწადს ასახელებდნენ, როცა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პირველ ეფექტს ფერმერი დაინახავდა და რადგან ეს უკვე პირველივე წელიწადს მოხდა, ესეც თავისთავად პასუხია კითხვაზე - რას იძლევა ევროპასთან ინტეგრაცია?" ,- აცხადებენ ემპარდში.

მასალაში მოყვანილია თავად ფერმერების მოსაზრებებიც.  "ევროპაში თხილი მე ადრეც გამქონდა, თუმცა ახლა ექსპორტის პროცედურები გამარტივდა, თანაც ადრე ეს დროებითი ნებართვის ფარგლებში ხდებოდა, ახლა კი უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, ევრო-1 სერთიფიკატით, რომელიც აქვე, საქართველოში გაიცემა. ჩვენი უშუალო და უმსხვილესი კონკურენტი, თურქეთი ევროპაში ექსპორტზე 3%-იან მოსაკრებელს იხდის და შედეგად ჩვენთან საფასო კონკურენციას აგებს, ახლა მთავარია პროდუქციის მოცულობა გავზარდოთ და მსოფლიო ბაზარზე ლიდერის პოზიცია ჩვენი გახდება" - ამბობს 38 წლის მამუკა ბერიაშვილი, რომელსაც თხილის წარმოება კახეთში აქვს.

მასალაში თხილის თემაზე მოყვანილია სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას კომენტარიც. "თხილი ახალი ბიძგია ქართული აგრო-წარმოებისთვის, ვფიქრობ, მეთხილეებს დღგ-ს მოვუხსნით", – აცხადებს ოთარ დანელია. 

თხილის პირველი პლანტაციები კახეთში სულ 7 წელია რაც გაჩნდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა და კახელებსაც ვაზის ალტერნატივის ძებნა მოუწიათ. იმ პირველმა ნარგავებმა მოსავალი 3 წლის შემდეგ მოიტანა და მამუკას ბერიაშვილს, ეს არ გამორჩენია, 2010 წელს მან ყვარელში თხილის პირველი ქარხანა "ნატექსი" გახსნა და ფერმერებისგან პროდუქციის ჩაბარება დაიწყო. ახლა კი მეორე ქარხანაც აქვს, "ნათსი" და მესამეს თხილის ტრადიციულ მხარეში, სამეგრელოში აშენებს, რაზეც 600 ათასი ლარის იაფ აგრო-სესხს მთავრობა აძლევს. კახეთში მამუკას თხილის 120-ზე მეტი მიმწოდებელი ჰყავს, მათგან 20-ს 10 ჰექტარზე მსხვილი პლანტაცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთი ყურძნის გარდა თხილის მწარმოებელ რეგიონადაც ყალიბდება და ეს, მაკრო-ეკონომიკურ პარამეტრებზეც აისახება, - სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, შარშან თხილის ექსპორტმა პირველად გაუსწრო ღვინოს და უმთავრესი საექსპორტო აგროპროდუქტი გახდა, ხოლო აგრო-ექსპორტი პირველად ქვეყნის მთლიან ექსპორტში 29%-იანი წილით მესამე ადგილზე გავიდა. ერთ წელიწადში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა და შარშან ქვეყანაში 826 მილიონი დოლარი შემოიტანა.

"თუკი პირველ წელს, 2011-ში სულ 500 ტონა გაუტეხავი თხილის შეგროვება მოვახერხეთ, წელს, ანუ 4 წლის თავზე, ეს მოცულობა 6-ჯერ გავზარდეთ და ევროკავშირში 3 ათას ტონამდე თხილი გადავტვირთეთ. ძირითადი პარტნიორი ჩეხეთში გვყავს, თუმცა გერმანიასა და საფრანგეთშიც ვყიდით და სხვა ქვეყნებიდანაც გვაქვს შეკვეთები, უბრალოდ საკმარისი რაოდენობის პროდუქტი არ არის. მთავარი პრობლემა ცოდნის დეფიციტია, გლეხმა ნარგავების სწორი მოვლა არ იცის, რის გამოც 1 ჰექტარზე 1-1.5 ტონა თხილს იღებს, მაშინ როცა წესით, ეს ციფრი მინიმუმ ორჯერ მეტი, 3 ტონა უნდა იყოს; ამიტომ ჩვენს მომწოდებლებს პერიოდულად წვრთნას ვუტარებთ, ვასწავლით ახალ ტექნოლოგიებს და წარმოების გაორმაგების უკვე პირველი შედეგებიც გვაქვს", - ამბობს მამუკა ბერიაშვილი, უკვე სამი თხილის ქარხნის მეპატრონე.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია აცხადებს, რომ თხილმა სულ ახალი პერსპექტივა გაუხსნა ქართულ აგროწარმოებას და მას უთოუდ ხელს შეუწყობენ, მათ შორის დღგ-ს მოხსნით, რაც ქართული თხილის ფასს გლობალურ ბაზრებზე კიდევ უფრო კონკურენტულს გახდის; ეს კი მით უფრო მარტივია, რომ გლობალური მოთხოვნის ზრდის ფონზე თხილის ფასი სწრაფად იზრდება, - თუკი გასულ წლებში 1 კგ გაურჩეველი თხილის ტიპური ფასი 4 ლარი იყო, შარშან ფასმა 8-9 ლარს მიაღწია და ეს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტენდენციის შედეგია. შარშან თურქეთს, რომელიც მსოფლიოში თხილის უმსხვილესი ექსპორტიორია, ყინვების გამო მოსავალი გაუნახევრდა, რამაც გლობალური ფასი გაზარდა და ამით ქართველმა მწარმოებელმა იხეირა.

კოოპერაციისკენ მოწოდება გლეხებს კოლექტივიზაციას აგონებდა თავიდან, დღეს კი, 1000-ზე მეტი კოოპერატივი აქვთ შექმნილი. თხილის პერსპექტივას ფერმერებიც ნათლად ხედავენ, სამეგრელოში პირველი 500 წევრიანი თხილის კოოპერატივი გაჩნდა, რომელსაც მთავრობა ქარხნის ასაშენებლად ფინანსურ დახმარებას პირდება. კოოპერაციული მოძრაობა დაიწყო კახეთშიც, გლეხები თავიანთ მოსავალს აერთიანებენ, რომ უფრო მსხვილ მიმწოდებლად ჩამოყალიბდნენ ბაზარზე, რაც პროდუქციის უფრო მაღალ ფასად გაყიდვის საშუალებას მისცემს - სწორედ ეს არის ენპარდის მთავარი ფილოსოფიაც: იმ ფონზე, რომ საქართველოში გლეხური მეურნეობების 90%-ზე მეტი დაახლოებით 1 ჰექტარ მიწას ფლობს მხოლოდ და ამის გამო წარმოების ხარჯები მაღალია, ენპარდი გლეხებს ძალისხმევის გაერთიანებისკენ ანუ კოოპერაციისკენ მოუწოდებს; ეს მათ ხარჯებისა და მასთან ერთად პროდუქციის ფასის შემცირების საშუალებას მისცემს, პროდუქციაზე დაბალი ფასით კი ისინი იმპორტთან მეტ კონკურენციას შეძლებენ.

ქართული აგროწარმოება უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ხდება, 2014-ში ინვესტიციები 61%-ით გაიზარდა. ახალი პერსპექტივები ქართულ აგროწარმოებაში ახალ საინვესტიციო მუხტსაც აჩენს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით 2014 წელს სექტორში 19 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით მეტია. აგრო-სექტორი მსხვილ სამთავრობო დაფინანსებასაც იღებს, - 2013-2014 წლებში 722 მილიონ ლარზე მეტი იაფი აგრო-კრედიტი 27 ათასზე მეტმა ფერმერმა და მეურნეობამ მიიღო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამით დაფინანსდა 105 ახალი საწარმო, კიდევ 5 საწარმო ეკონომიკის სამინისტროს პროგრამით "აწარმოე საქართველოში" გაიხსნა.

ახალი საწარმოები აგრო-სფეროში დამატებითი ღირებულების შექმნას ნიშნავს და ამას ციფრებიც აჩვენებს - 2014 წელს პირველადი პროდუქციის გადამუშავების შედეგად ქვეყანაში 4.1 მილიარდი ლარის სურსათი შეიქმნა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 10%-იანი ზრდა არის.  მკვეთრად გაიზარდა აგრო-სფეროს წილიც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში და 16.5% შეადგინა, მაშინ როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 12%-ს არ ასცილებია, - რა თქმა უნდა, ეს ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების უშუალო შედეგი არ არის, მაგრამ ამ დოკუმენტს ირიბი ეფექტიც აქვს, ზრდის ინვესტორთა ინტერესსა და დამკვეთთა ნდობას, და ეს არა მხოლოდ ევროპულ ექსპორტზე აისახება: საქსტატის მონაცემებით, ქართული აგრო-პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტი ბოლო 2 წელიწადში 109 %-ით არის გაზრდილი, დსთ-ს ქვეყნებში კი 48 %-ით, იმპორტი ევროპიდან 2 წელიწადში 23%-ით გაიზარდა, დსთ-ს ქვეყნებიდან კი 5%-ით შემცირდა და შედეგად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ამ პერიოდში ჯამში 260 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა, ანუ ქვეყნიდან ამდენით ნაკლები ვალუტა გავიდა.

ევროპაში ვაჭრობა რუსეთზე უარის თქმას არ ნიშნავს - აჩვენებს ციფრები,  ისე კი რუსეთთან ვაჭრობა უკვე სახიფათოა - ამბობს ფერმერი.

თუ შარშანდელ პრესას და ევროპასთან ასოცირების შესახებ იქ გამოთქმულ ეჭვებს გადავხედავთ, პირველ რიგში - თვალში ასეთი პროგნოზი მოგვხდებათ: "ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა ქართულ ბაზარს ევროპული პროდუქციით აავსებს, ქართველ ფერმერს კი დსთ-ში ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებს წაართმევს"; არადა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის უკვე პირველმა წელმა აჩვენა, რომ ევროპიდან იმპორტი 5-ჯერ ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე ევროპაში ექსპორტი, ხოლო დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტმა 50%-იანი ზრდა აჩვენა. ასე რომ, სკეპტიკოსთა ორივე უმთავრესი არგუმენტი პირველ წელს გაბათილდა.

"რუსეთში ექსპორტი უკვე ძალიან საშიშია, არაერთი ფაქტია, რომ მიაქვთ პროდუქცია, ფულს კი არ გიხდიან, ხოლო ევროპელები ექსპორტის მთლიან საფასურს წინასწარ იხდიან", - ამბობს 38 წლის გიგა ჯაპავა, რომელსაც კივის პლანტაციები აქვს.

ბიზნესი 2010 წელს იმით დაიწყო, რომ ზუგდიდში 24 ჰექტარი მიტოვებული და უკვე გავერანებული ჩაის პლანტაციები იყიდა, გაწმინდა და კივის ბაღები გააშენა. ორიენტაცია თავიდანვე ევროპაში ექსპორტზე აიღო და თადარიგიც დაიჭირა, შესაბამისად, როცა 4 წლის მერე, შარშან პირველი მოსავალი მიიღო გლობალ-გეპის სერთიფიკატი უკვე ჰქონდა და გერმანული პარტნიორი სუპერმარკეტების ქსელი "ლიბლიც" უკვე მოძებნილი ჰყავდა. შარშან პირველი პარტია სულ 5.5 ტონა იყო, წელს კი 100 ტონას ამზადებს გასაგზავნად, ისე კი 500 ტონაზე მეტ მოსავალს ელოდება და "ლიბლიც" 6 ათას ტონას ითხოვს, მაგრამ გიგა ამბობს, რომ გერმანელებს მხოლოდ 1 ხარისხის პროდუქტი უნდათ, აქ ადგილზე კი 2 ხარისხიც კარგად იყიდება და ფასებშიც სხვაობა დიდი არ არის - 1კგ-ში ევროპელები 1.25 ევროს იხდიან, ქართულ ბაზარზე კი საშუალო ხარისხის კივის 3.2 ლარად ყიდულობენ, დაახლოებით იმავე ფასად, ამიტომ ევროპაში ექსპორტი გიგასთვის უფრო პრესტიჟის საქმეა, თორემ საქმე უფრო მეტი ადგილობრივ ბაზარზე აქვს.

"ამჟამად საქართველოში სულ 21 კივის პლანტაცია და მათი მომსახურე 5 სამაცივრე მეურნეობაა, მთელი მათი მოსავალი რომ გაერთიანდეს გერმანიის სუპერმარკეტების ერთ ქსელს თუ ეყოფა, უკვე დღეს გვაქვს ათას ტონაზე მოთხოვნა ინგლისიდან, ამიტომ ამ პერსპექტივით ახლა კოოპერაციის პროცესი იწყება, პლანტატორები ფიქრობენ, რომ თუ პროდუქციას ერთიანად და ერთი ბრენდით გაყიდიან, უკეთესი იქნება, ვნახოთ რა გამოვა", - ამბობს გიგა ჯაპავა, რომელიც წელს თავის ბიზნესს კიდევ ერთ დასაფასოებელ საამქროს დაუმატებს, რისთვისაც მთავრობამ 300 ათასი ლარის იაფი აგრო-სესხი მისცა.

"ევროპაში ექსპორტი კი პრესტიჟულია, თუმცა ადგილზე მოთხოვნა გვაქვს ჯერ ასათვისებელი", - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე, "ჰერბია".

ევროპაში ექსპორტის მეტი გამოცდილება აქვს იმერულ "ჰერბიას", რომელიც მწვანილის სასათბურე ბიზნესით უკვე 10 წელი არის დაკავებული. თვიდან ძირითადი გასაღების ბაზარი რუსეთი და უკრაინა იყო, თუმცა რუსეთის ემბარგომ დღის წესრიგში ალტერნატიული ბაზრის მოძიება დააყენა.  პირველი მცირე პარტიები ევროპაში თვითმფრინავით მიჰქონდათ, თუმცა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა, ექსპორტი გააადვილა და შარშან ჰერბიამ მხოლოდ ბულგარეთში 24 ტონა მწვანილი უკვე ტრაილერით გაუშვა, სხვა დამკვეთები კი გერმანიაში, ჰოლანდიასა და ბალტიის ქვეყნებში ჰყავს, გლობალ გეპის ლიცენზია კი რაც ევროპაში ექსპორტის უფლებას იძლევა, წლების წინ მოიპოვა. "ჰერბიას" სათავეში 55 წლის ზურაბ ჯანელიძე უდგას - "ბიზნესი თანდათან დაიხვეწა, ახლა პროდუქციას უკვე მთლიანად შეფუთული და ბრენდირებული ფორმით ვყიდით, რაც 50%-ით ზრდის მოგებას, ადგილობრივ ბაზარზე უკვე ყველა სუპერმარკეტი ავითვისეთ და ამ სეგმენტს თითქმის მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებთ, შემდეგი ეტაპი რესტორნებისა და სასტუმროების ათვისებაა. ვაპირებთ ევროპაშიც შეფუთული სახით გავყიდოთ პროდუქცია და ამ მიზნით ბულგარეთში დასაფასოებელი საამქროს ამუშავებას ვგეგმავთ, - დაფასოებული პროდუქციის გადაზიდვა, თავადაც ხვდებით, არამომგებიანია, - ტრაილერში დიდი ადგილი მიაქვს" - ამბობს ის, თუმცა ევროპულ ბაზარს "ჰერბიასთვის" მხოლოდ დივერსიფიკაციის დატვირთვა აქვს, რადგან მოთხოვნა ადგილზეც დიდია და ჯერაც ათვისებული სრულად არ არის.

ევროპაში ექსპორტზე მნიშვნელოვანი მართვის ევროპული სისტემის დანერგვაა, - თუ მართვა იცი, შედეგსაც მიიღებ. ბულგარულ ექსპორტს "ჰერბიას" მთლიან გაყიდვებში 5% უკავია მხოლოდ, და ეს, რეალურ სურათს სავსებით ასახავს: ევროპასთან ასოცირების მთავარი შედეგი ევროპაში ექსპორტის ზრდა კი არა, არამედ ქვეყნის კანონების ევროპასთან ჰარმონიზაციაა, რაც პროგრესისა და განვითარების საფუძველია.

ამიტომაც არის რომ ენპარდის, აგრო-სფეროში ევროპული სამეზობლო პროგრამის, უმთავრესი ამოცანა სწორედ აგრარული კანონმდებლობის და სტრატეგიის დახვეწა და სამინისტროს მოდერნიზაციაა. ევროკავშირი ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს და შედეგად ენპარდის 3 წლით გახანგრძლივებაც უკვე გადაწყდა. მთავარი - დარგის მთლიანობაში სწორად მართვაა, რასაც ცალკეული მიმართულებებით ზრდაც მოჰყვება: 2014 წელს წინა წელთან შედარებით 6%-ით მოიმატა მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობამ 1.3 მილიონი სული შეადგინა, 9.5%-ით გაიზარდა ღორის სულადობაც და 210 ათასს მიაღწია, 9%-ია მატება ფრინველის რაოდენობაშიც -7.4 მილიონი ფრთა, ცხვრისა და თხის რიცხვმა 1.2%-ით მოიმატა და 867 ათასი გახდა. 1%-ით გაიზარდა ყველა სახეობის ხორცის წარმოება და 49 ათასი ტონა შეადგინა, 633 მლნ იყო შარშან რძის წარმოება, რაც 5%-იან ზრდას ნიშნავს, 5%-ით გაიზარდა კვერცხის წარმოებაც და 522 მლნი ცალი შეადგინა. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერის პირველ წლისთავს ქართული აგრო-წარმოება ყველა მიმართულებით თვალსაჩინო ზრდის შედეგებით ხვდება", - ნათქვამია ემპარდის საკომუნიკაციო ქსელის მასალაში.