საბერძნეთში ბანკები ორშაბათამდე დაკეტილი იქნება

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ბანკები ორშაბათამდე დაკეტილი იქნება. ორშაბათამდე იმოქმედებს ასევე ბანკომატებიდან თანხის გატანაზე 60 ევროს ოდენობის ლიმიტი.

"ბიბისის" ცნობით, ამის მიზეზი ათენსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის შეთანხმების მიუღწევლობა გახდა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბერძნულ ფინანსურ ინსტიტუტებს დახმარება შეუწყვიტა მანამ, ვიდრე საბერძნეთი ევროზონასთან შეთანხმებას არ მიაღწევს. ქვეყნის პრემიერი, ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ იგი გონივრული რეფორმების გეგმას ევროპელ ლიდერებს დღეს წარუდგენს. კვირას კი ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართება, რა დროსაც მხარეებმა საბოლოო შეთანხმების მიღწევა უნდა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბერძნეთი ფულის გარეშე დარჩება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროზონის ისტორიაში ახლა ყველაზე მძიმე ეტაპია. საბერძნეთს კრედიტორებმა – ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა - ორი ფინანსური პაკეტის სახით 200 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. 30 ივნისამდე ათენს სავალუტო ფონდისთვის 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი უნდა გადაეხადა, თუმცა, ვერ შეძლო, რასაც კრიზისის გამწვავება მოჰყვა.