"ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილება თბოელექტროსადგურების ტარიფზე აისახება"

ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილება თბოელექტროსადგურების ტარიფზე აისახება, - ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა. რაც შეეხება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მოსალოდნელ ზრდას, ამასთან დაკავშირებით მილორავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება, მისი მხრიდან სწორი არ იქნება.

"კომისიაში შემოსულია თბოელექტროსადგურების სატარიფო განაცხადები, რომლის განხილვაც 15 ივლისს იგეგმება. სატარიფო განაცხადის წარმოდგენის საფუძველად კომპანიამ ლარის კურსის ცვლილება მიუთითა. ჩვენ თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს ვიხილავთ. წარმოების ტარიფში ბუნებრივი გაზის ხარჯის კომპონენტი წარმოდგენილია 99%-ით. თავისთავად ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილება თბოელექტროსადგურების ტარიფზე ასახვას ჰპოვებს. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, ამასთან დაკავშირებით სატარიფო განაცხადი კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ აპრილის თვეშია წარმოდგენილი. აღნიშნული განაცხადის განხილვისთვის და გადაწყვეტილების მიღებისთვის 150 დღე გვაქვს. ვფიქრობთ, ამ თვის ბოლომდე შესაძლებელია ამ ნაწილშიც მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა წინასწარი შეფასების გაკეთება არასწორი და არაკორექტული იქნება, რადგან კომისია კოლეგიალური ორგანოა და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას სამი ადამიანი იღებს. როგორი იქნება გადაწყვეტილება სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით, დღეს ამის პროგნოზირება სწორი არ იქნება", - განაცხადა მილორავამ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტს კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა.