ხარვეზის გამო Honda მსოფლიო მასშტაბით 4,5 მილიონ ავტომობილს გაიწვევს

იაპონური საავტომობილო კონცერნი Honda მსოფლიო მასშტაბით 4,5 მილიონ ავტომობილს გაიწვევს უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებული პრობლემის გამო.

კონცერნის წარმომადგენელთა განცხადებით, Honda-ს მანქანებში კომპანია "ტაკატას" ბალიშებია დამონტაჟებული. ამავე კომპანიის წარმოებული უსაფრთხოების ბალიშების ხარვეზის გამო ცოტა ხნის წინ ავტომობილები უკვე გაიწვიეს "ტოიოტამ", "ნისანმა", "ჰონდამ" და General Motors-მა.

სპეციალისტთა განცხადებით, "ტაკატას" უსაფრთხოების ბალიშები შესაძლოა მოულოდნელად დიდი სიჩქარით გაიხსნას და ავტომობილის სალონში წვრილი ლითონის ფრაგმენტები შეცვივდეს.

არსებული ინფორმაციით, ამ ხარვეზის გამო სულ მცირე რვა ადამიანი უკვე გარდაიცვალა.

მაისში "ტოკატას" წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებით ხარვეზი აშშ-ში წარმოებულ 34 მილიონ მანქანას აქვს.

2008 წლიდან მოყოლებული "ჰონდამ" მსოფლიოს მასშტაბით 24,5 მილიონი ავტომობილი გაიწვია მსგავსი პრობლემის გამო.