ბიზნესი ქუსლებზე - როგორ მიაღწია წარმატებას ბიზნესში „დიოს“ დამფუძნებელმა

პალიტრა TV-ს გადაცემა ბიზნეს PRESS-მა ამჯერად კიდევ ერთ წარმატებულ საქმიან ქალბატონს უმასპინძლა.

ბევრი თქვენგანის სახლის ინტერიერსა თუ ექსტერიერს, შესაძლოა, სწორედ ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ამშვენებს. თუმცა ბევრმა თქვენგანმა არ იცის, როგორ იწყებოდა ყველაფერი. რა გზა განვლო კომპანია "დიომ" 20 წლის განმავლობაში, როგორია "ბიზნესი ქუსლებზე", ამას გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობთ.

-როგორ იწყებოდა ყველაფერი?

-ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო. მომავალ წელს 20 წლის ვხდებით. თუმცა "დიომდე" იყო კიდევ ორი რთული წელიწადი. ბიზნესით ჩემი დაინტერესება დაახლოებით 1994 წელს დაიწყო. მოგეხსენებათ, რა პერიოდი იყო ეს: სოხუმის დაცემა, უშუქობა... მე პროფესიით მათემატიკოსი გახლავართ და საერთოდ არ მიფიქრია, როგორც ალბათ დღეს ბევრ წარმატებულ ბიზნესმენს, თუ ოდესმე ბიზნესში მოვხვდებოდი.

-ბიზნესამდე ბევრ საქმიანობაში მოსინჯეთ ძალები, მათ შორის იყო დრო, როცა გადაწყვიტეთ, თავი ნამცხვრების ცხობით გერჩინათ.

-კი, იყო ეს პერიოდი. ნამცხვრების ცხობითაც ვცადე, ასევე ვმუშაობდი ავიაბილეთების სალაროში მოლარედ, იყო ბანკი, სადაც ვიყავი ოპერატორი, ამ ყველაფრის ფონზე, ვიწყებდით ფიქრს, რა გაგვეკეთებინა. ეს იყო ალბათ ბედნიერი შემთხვევა, როდესაც ჩემი მეგობრების ოჯახი წავიდა უცხოეთში საცხოვრებლად. სხვადასხვა რაღაცები მოვსინჯეთ და ბოლოს გაჩნდა იდეა, აქ ჟალუზებია მოდაში და იქნებ საქართველოშიც ვინმე დაინტერესდესო. როდესაც პირველი ნიმუშები მივიღე, ბევრი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებდა.  პირველი, ვინც ირწმუნა, რომ საქმის გაკეთებას შევძლებდით, იყო ჩემი ძმა და ჩემი ოჯახის წევრები, რომელთა გარეშე ვერაფერს შევძლებდი.

-პირველი შემოსავალიც გახსოვთ?

-კი. ეს იყო 120 დოლარი.

-საინტერესოა, სად წავიდა ეს 120 დოლარი. არ გქონდათ ცდუნება, რომ 120 დოლარი, პირველი შემოსავალი დაგეხარჯათ თუნდაც ლამაზი სამოსის ან სამკაულის შესაძენად და არა - საქმის გასაგრძელებლად?

-მეგობრებს ვასესხე. ერთს თელავში პატარა ბიზნესისთვის სჭირდებოდა, მეორეს - ბავშვები ვერ გაყავდა დასასვენებლად.

-ბიზნესი ყოველგვარი საწყისი კაპიტალის გარეშე დაიწყეთ?

-კაპიტალი არ დამჭირდა. რამდენადაც მაშინ უცხოეთიდან მაწვდიდა პარტნიორი, მე აქ ვიღებდი შეკვეთას და ავანსის საშუალებით ვახერხებდი, მათთვის ეს ყველაფერი ჩამომეტანა. ნელა-ნელა ვაგროვებდი თანხას. მერე მივხვდი, რომ აუცილებელი იყო ოფისი. ჩემი პირველი ოფისი ბახტრიონის ქუჩაზე იყო.

-საინტერესოა 20 წლიანი ისტორია. თუ გადავხედავთ იმ კომპანიების ჩამონათვალს და იმ ადამიანებს, ვინც 20-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიების სათავეში დგას, მათაც საკმაოდ რთული გზა გაიარეს. მაგრამ თქვენი კომპანიისგან განხვავებული. იყო გარკვეული ბრძოლები, იყო ბრძოლა წესების გარეშე, ამ გარემოში ბიზნესის ისე კეთება, რომ თქვენს ბიზნესში არანაირი შავი ლაქა არ არსებობს, რთული არ იყო?

-რთული არ იყო. ჩვენ თავიდანვე ასეთი მიდგომა გვქონდა, ჩვენი ბიზნესი გამჭვირვალე და ნათელი უნდა ყოფილიყო. ჩვენს გუნდს ამიტომ აღარ გასჭირვებია გამჭვირვალე გარემოში მუშაობა. არ ვიცი, შავი სამყაროს შეხება ჩვენთან რატომ არ ყოფილა, შესაძლოა ქალის ფაქტორიც იყო. არ მავიწყდება ახალგაზრდა ბიჭების დამოკიდებულება, როდესაც ჩვენ პირველად, საბურთალოს ქუჩაზე ოფისი გავაკეთეთ. იქ მოვაწყეთ გარემო. ჩვენ იქ ვცხოვრობდით. ჩვენ სამსახურში მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე სახლებში.

-ანუ "დიო" თქვენი სახლია?

-დიო ჩვენი სახლია და ოჯახი. ამიტომ, იქაც ძალიან ლამაზად მოვაწყეთ და არა მარტო ოფისი, არამედ - ბაღიც.

-"დიო" არის ბრენდი, რომელიც თამამად ვიტყვი, ყველამ იცის. მაგრამ ყველამ არ იცის, რაც ნიშნავს "დიო". რას ნიშნავს "დიო"?

-დიო ნიშნავს "დაუშვილი ირმას ორგანიზაციას". თავიდან ასე დავარქვით. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა და და შემომიერთდნენ, ამას უკვე დიო დაუშვილი თავისი ოჯახით ჰქვია.

სწრაფად დასამახსოვრებელიც და რაღაცასთან დაკაშირებულიც.

- ოჯახის წევრებთან ერთად საქმის კეთება რთული არ არის?

-რთულიც არის და ადვილიც. ხშირად ვამბობ ხოლმე, ყველაზე კარგია, როცა ოჯახის წევრებში გაგიმართლებს. პროფესიით დაც კიბერნეტიკოსია, ძმა ეკონომისტი - ის ყველაზე უმცროსია. ჩვენ შეჩვეულები ვიყავით სწავლას, მეცადინეობას და შრომას ბავშვობიდანვე. ეს ბიზნესიც ჩვენთვის სასწავლო-სამეცნიერო ამოცანასავით იყო. შეუძლებელია ეს დამოუკიდებლად გააკეთო. ჩემი ოჯახის წევრებს არ შეპარვიათ ეჭვი, რომ კარგად გავაკეთებდით.

-და-ძმებს შორის ფუნქციები როგორ არის გადანაწილებული?

-ძმა არის აღმასრულებელი დირექტორი და უფრო საწარმო, პარტნიორებთან ურთიერთობა, ახლის შესწავლა, ახლის დანერგვა-განვითარება ეხება. ფინანსური დირექტორი არის უფროსი და, რომელიც ყოველთვის იყო უფროსი, მიუხედავდ იმისა, ჩვენ რა პოზიციები გვექნება. ის არის მომთხოვნი, მკაცრი და ძალიან პუნქტუალური, წვრილმანებზე ორიენტირებული. ამიტომ მისი ხასიათი ფინანსურ საკითხებში ძალიან დაგვეხმარა. მე ვარ გენერალური დირექტორი, რამდენადაც იდეა ჩემი იყო. დღემდე გამოვირჩევი ამ იდეებით. ზოგჯერ თითქოს წარმოუდგენელია, რომ რაღაც გაკეთდეს, მაგრამ ვეჭიდებით და შემდეგ ძალიან კარგად მომყვებიან თანამშრომლებიც და მეგობრებიც. ბევრი მათგანი უკვე 20 წელია ჩვენთან არის და ყოველთვის სავსე არიან ენთუზიაზმით. ყოველთვის ვამბობ, რომ გუნდის გარეშე რამის კეთება შეუძლებელია. როდესაც მინდა ახალი საქმე წამოვიწყო და გავაკეთო, ყოველთვის ვფიქრობ, ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვინც დამეხმრებიან ამ საქმეში. ზოგჯერ თავად ადამიანი განსაზღვრავს - გაიცნობ ადამიანს და ხვდები, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია, თუ დაეხმარები. ამიტომ ჩვენს კომპანიაში თითოეულ ადამიანს დიდი როლი აქვს.

-ალბათ, ამ 20 წლის განმავლობაში იყო შეცდომებიც. გიჭირთ შეცდომების აღიარება?

-არა, შეცდომების აღიარება არ მიჭირს. პირიქით, როდესაც შეცდომას აღმოვაჩენ, მიყვარს მისი აღიარება იმიტომ, რომ ამაზე ვსწავლობ და ვიცი, მეორეჯერ მე ეს არ უნდა დავუშვა. თუმცა ყველაზე რთულია, დადგე სარკეში და საკუთარ თავს უთხრა, რომ ეს შეგეშალა. შეცდომას ტრაგიკულად არ ვუყურებ. ნებისმიერმა შეცდომამ, რაც ჩვენს კომპანიაში იყო, სიტუაციიდან გამოსვლა მასწავლა. რამდენჯერაც ამ შეცდომის გამოსავალი მოვძებნე, უფრო წინ წავიდა კომპანია. ასევე გამოვიმუშავე ჩვევა, რომ არ გავიხედო უკან და არ ვიფიქრო გაფუჭებულ საქმეზე.

-შეგიძლიათ ერთი შეცდომა მაინც დაასახელოთ, რომელიც თუნდაც ვირტუალურ ჩამონათვალში გაქვთ და არასოდეს ეს შეცდომა არ უნდა გაიმეოროთ. რა არ უნდა გააკეთოს კომპანიამ ბიზნესის გზაზე?

-ყველაზე მნიშვნელოვანი დროულად მიღებული გადაწყვეტილებაა. ბევრჯერ რაღაც გადაწყვეტილება შემიფერხებია და ამას კარგი შედეგი არ ჰქონია. დაგვიანებული გადაწყვეტილება ბიზნესისთვის აუნაზღაურებელი ზარალია. მაგალითად, შეიძლება იყოს შეცდომა ფინანსურ გაანგარიშებაში, ამას გამოასწორებ, შეიძლება გქონდეს ტექნიკური შეცდომა, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად ვიცით, რომ ჩვენი შეცდომები უნდა ვაღიაროთ. სხვათა შორის, ძალიან სერიოზულად დავნერგეთ სისტემა, რომელიც ხარისხის მენეჯმენტს განსაზღვრავს და დღემდე ამ სისტემას მივყვებით, რადგან დავინახეთ, რომ შეცდომების აღიარება წინსვლის საშუალებას გვაძლევს. ერთადერთი შეცდომა, რომელსაც ვერასდროს გამოასწორებ, არადროული გადაწყვეტილებაა.

-რის გამო შეიძლება წაახალისოთ თანამშრომელი და როგორ? და პირიქით, რა შეიძლება ვერ აპატიოთ თანამშრომელს, დასჯის რა მექანიზმები გაქვთ?

-ხშირად ვფიქრობ, წახალისება იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო. რა თქმა უნდა, ფინანსური წახალისება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არის ხოლმე ისეთი წახალისებაც, რომელიც, შესაძლოა, უფრო მეტი ღირდეს. მინდა არასდროს დამავიწყდეს მადლობის თქმა, შექება. ვცდილობ, ყოველთვის გამოვხატო ის პატივისცემა, რომელიც ვიღაცამ თავისი საქმის კეთებით დაიმსახურა. ხშირად ვაკეთებთ ხოლმე კორპორატიულ გასვლებს, თუ რამე საინტერესო კონცერტია ან საინტერესო შეხვედრები, ხელს ვუწყობ. ან როცა მათი ინიციატივაა, რომ სადმე უნდათ წასვლა, ხელს ვუწყობთ. როცა პირადი პრობლემები აქვთ, ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ. რაც არ მიყვარს, ეს არის ტყუილი, სიზარმაცე, არაპუნქტუალურობა. ტყულის ვერასდროს ვპატიობ.

-დაგისჯიათ თანამშრომელი? როგორ?

-თუ აღმოვაჩინე, რომ ადამიანი იტყუება, დასჯას არ აქვს აზრი, ვემშვიდობები. როდესაც რაღაც შეცდომა მოუვათ, აქ უფრო ადვილია. ფინანსურად შეაფასებ. მაგალითად, ერთი საინტერესო ჯარიმა მაქვს: ვებრძვი სიგარეტის მწეველებს. ერთხელ საწარმოში ჩავიარე და გადი-გამოდის ხალხი. რა ხდება-მეთქი, ვიკითხე, ხელმძღვანელი ძალიან ლოიალურია და მიპასუხა, საათში ერთხელ უფლებას ვაძლევ, 10 წუთით მოსაწევად გავიდნენო. საათში ერთხელ 10 წუთი 80 წუთია. 8 საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა დადგენილი 40 წუთიანი შესვენებისა, შენ ე.ი. მწეველებს კიდევ საათს და 20 წუთს აძლევ, მაშინ რა ქნას იმ ადამიანმა, რომელიც არ ეწევა? ამიტომ დავაწესე ზედმეტი სამუშაო საათები მწეველებისთვის.

- სამსახურში აყვანის დროს ქალებს ხომ არ ანიჭებთ უპირატესობას?

-სხვათა შორის, არა. უბრალოდ, როგორც ქალს, კარგად მესმის ქალების. ვიბრძვი და ვიბრძოლებ კიდეც არასწორი დეკრეტული შვებულებებისა და ანაზღაურების გამო. ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი აბსოლუტურად მეწარმის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო ვალდებულია, იმისთვის რომ სრულყოფილი და ჯანმრთელი მომავალი მიიღოს, დედას რაღაც საშუალება მისცეს, რომ საკუთარ შვილთან იყოს რაღაც პერიოდის განმავლობაში და არ ფიქრობდეს, მისცემს თუ არა მეწარმე მას ამისთვის ხელფასს.

-მამაკაცებს რა ბენეფიტები აქვთ თქვენს კომპანიაში?

- თუ დაოჯახდებიან ან შვილი შეეძინებათ, ისინიც გარკვეულ ფულად პრემიას იღებენ. პოზიციას გააჩნია. არის პოზიციები, სადაც სასურველია, გოგონამ იმუშაოს. არის პოზიცია, სადაც ვერ იმუშავებს ქალბატონი.

-თქვენი გამოცდილების მქონე ადამიანთან მინდა უფრო დეტალურად ვისაუბრო, როგორ გამოიყურება ბიზნესი ქუსლებზე საქართველოში. არის ქალის ადგილი ბიზნესში?

- საერთოდ ვერავინ და ვერასდროს საზღვრავს - ვის რა ადგილი, როლი და მისია აქვს ცხოვრებაში დაკისრებული. თუ ქალს აქვს უნარი, შექმნას რამე ახალი და განავითაროს, რატომაც არა? მაგრამ მეორე მხარეც არსებობს: თუ შენ ვერ შექმნი რამე ფასეულს, ღირებულს და უფრო მეტად ღირებულია, რომ იყო ოჯახში და გაზარდო საუკეთესო შვილები, ამაზე უკეთესიც არაფერია. ბოლო პერიოდში ბევრი ქალბატონის ისტორიის წაკითხვა მომიწია. ქალის პრობლემა, როდესაც მას სურს იყოს წარმატებული, არის ის, რომ მას ყოველთვის არჩევანის გაკეთება უწევს ოჯახს, შვილებსა და კარიერას შორის. ეს პრობლემა მამაკაცის წინაშე არასდროს დგას. ვერ დამისახელებთ ვერცერთ მამაკაცს, რომელსაც ასეთი არჩევანის გაკეთება მოუწია. არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. ბევრ წარმატებულ ქალბატონს, სამწუხაროდ, ოჯახურ ბედნიერებაზე უარის თქმამ მოუწია.

-რატომ? არ შეიძლება ყველაფერი ერთად აკეთო? იყო წარმატებული ქალი, კარგი დედა და კარგი ცოლი?

-რთულია. მაგრამ შესაძლებელია და ბევრი ასეთი მაგალითიც არის. მაგალითად, მარგარეტ ტეტჩერი. თუმცა, მისივე სიტყვებია, მე ვერასდროს ვიქნები ისეთი ცოლი, როგორიც სხვა ქალბატონები. მონტესორის ისტორიაში ერთმა ფაქტმა შემძრა: მე-19 საუკუნის დასაწყისი, მე-18 საუკუნის ბოლო იყო, ამ პერიოდში ექიმი ქალი მიუღებელი იყო, მეცნიერი ქალი მიუღებელი იყო და ამ ქალბატონს მოუწია ამ ყველაფრის გადალახვა. ბოლოს, როდესაც სიყვარული ეწვია, როგორც ჩვეულებრივ ქალბატონს და აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედ იყო, უარი თქვეს მასზე დაქორწინებაზე. ასეთ წარმატებულ ქალბატონზე დაქორწინებაზე მისმა ასისტენტმა უარი თქვა. არავინ იცოდა, სანამ არ გარდაიცვალა, რომ მან გააჩინა შვილი და გაზარდა სხვაგან.

-თითქმის ტრადიციული შეკითხვა მაქვს, რომელიც ყველა რესპონდენტის მიმართ მიჩნდება. გიფიქრიათ იმაზე, დღეს რომ იწყებდეთ ბიზნესს, ფულს რაში ჩადებდით?

-ალბათ, განათლების სფეროში. ამ წლების განმავლობაში მივხვდი, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია.

-კიდევ უფრო თვალსაჩინოდ რომ წარმოიდგინოს ჩვენმა მკითხველმა - რისგან შედგება თქვენი კომპანია? ეს არის "დიოს" საწარმო, გაყიდვები, სასტუმრო...

-ასევე მომსახურების სფერო. ვემსახურებით ძირითადად ბინაზე მონტაჟით, ასევე უცხოეთიდან ექსკლუზიური პროდუქტების შემოტანით. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მზის დამცავი სისტემების მიმართულებით, ფასადის სიტემების მიმართულებით და ბევრი სიახლე გვაქვს ამ სფეროში.

-შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენი იყო თქვენი კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 20 წლის წინ და ახლა რამდენია?

-ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 20 წლის წინ ალბათ 10-15 ათასი ლარი იყო. ახლა დაახლოებით, უკვე 5 მილიონზე ზევით გვაქვს ბრუნვა.

-რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? შეიძლება სხვა მიმართულებებიც აითვისოთ ბიზნესში? -კი, შეიძლება. სამედიცინო სფერო მაინტერესებს. მეუღლე მყავს ექიმი და დავინტერესდი. ჩემი მეუღლე ფიტოთერაპევტია და მივხვდი, რომ იქაც არის რაღაც საშუალებები. მისი საქმიანობა ჩემთვის ძალიან საინტერესო ხდება. თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, მისი ბიზნესრელსებზე გადართვა ვერ შევძელი.

-საინტერესოა, რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ ფულს ბიზნესმენი ქალები.

-საინტერესო შეკითხვაა. საკუთარ თავზე მეცინება ხოლმე იმიტომ, რომ როდესაც მქონდა დრო, არ მქონდა საშუალება, ახლა, როდესაც მაქვს საშუალება, არ მაქვს დრო, ამიტომ ძალიან სწრაფად ვაკეთებ ამ ყველაფერს და უცხოეთში ყოფნის დროს ვცდილობ, ორიგინალური რაღაცები შევიძინო. მაგრამ მაინც ძირითადად ოჯახზე, ბავშვებზე ვხარჯავ. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს - 9 წლის და 7 წლის. მთელი ჩემი ინტერესი ამ ორი პატარა ადამიანის ბედნიერებისკენ არის მიმართული.

-რომელია თქვენი ყველაზე ძვირადღირებული ნივთი გარდერობში?

-ალბათ უფრო, სამკაულები. სამოსში არ ვიცი, ძალიან მიყვარს ერთი წითელი ლაბადა.

-ფასი?

-არ არის მანცდამაინც ძვირიანი, სადღაც 700-800 დოლარი იყო მაშინ. მაგრამ ეს ერთი 10 წლის წინ შევიძინე.

-რაშია თქვენი წარმატების ფორმულა? ეს იყო მიზანდასახულობა,  იღბალი, გამართლება, თუ ბიზნესის კეთების ნიჭი?

-რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ყველაფერი ერთად. ვერცერთ კომპონენტს ვერ გამოაკლებ. თუ არ ხარ მიზანდასახული, თუ არ გიყვარს შრომა, თუ არ წაგეხმარა ცოტა იღბალი, თუ არ გაქვს ნიჭი, ჭკუა - ვერაფერს შექმნი. ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს ადამიანში და ალაბათ ამიტომაც ხდება ლიდერი გამორჩეული. ბავშვობიდანვე გამოვირჩეოდი სიცელქით და ორიგინალური იდეებით. შეიძლება ესეც განსაზღვრავს: თუ ყოველთვის ეძებ ახალს, აუცილებლად იპოვი.

ასევე იხილეთ:

ქართველი ”როკფელერის” ჯემპრებით დაწყებული ბიზნესი

ბიზნესიდან წასული გოგი თოფაძე ისევ ბიზნესში ბრუნდება

თემურ ჭყონია: ალტრუისტი არ ვარ