სამშენებლო პროდუქციის რეალიზაცია შემცირდა

სამშენებლო პროდუქციის რეალიზაცია შარშანდელთან შედარებით, 30%-ით შემცირდა.

კომპანია "ჯორჯია თბილისში", რომელიც პირველადი სარემონტო მასალების, მათ შორის, მუყაო თაბაშირისა და საღებავების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია, აცხადებენ, რომ მოთხოვნამ როგორც საცალო, ასევე საბითუმო მიმართულებით მოიკლო, მიზეზი კი ეკონომიკური აქტივობის შენელებაა. "მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა და, ძირითადად, პირველადი მოხმარების პროდუქტებზეა ორიენტირებული", - განაცხადეს კომპანიაში.

რეალიზაციის პრობლემას ეროვნული ვალუტის დევალვაციაც დაერთო. "სამშენებლო მასალები თურქეთიდან შემოგვაქვს, ლარის გაუფასურების გამო პროდუქცია გაგვიძვირდა, თუმცა, იძულებულნი ვართ, ფასები შევინარჩუნოთ, რათა ისედაც შემცირებული გაყიდვები არსებულ დონეზე შევინარჩუნოთ. სამაგიეროდ, მოგების მარჟა მკვეთრად შეგვიმცირდა", - აღნიშნავენ "ჯორჯია თბილისში".

ბელა ნოზაძე