დავით უსუფაშვილი: არაფერი მოხდება ისეთი, რაც ეროვნულ ბანკს დააზარალებს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ყველა საკითხი, რომელიც ეროვნულ ბანკს უკავშირდება პარლამენტში დაწვრილებით იქნება განხილული და საბოლოოდ მიღებული. "მინდა განმარტება გავაკეთო ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პარლამენტი არ აპირებს მუშაობა დაასრულოს, სანამ ყველა საკითხზე ურთიერთგაგება არ იქნება მიღწეული. ბიზნესწევრები და ყველა, ვინც ღელავს, მინდა დავამშვიდო. არაფერი მოხდება ისეთი, რაც დააზარალებს ყველას და ეროვნულ ბანკს. ამიტომ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება იმ წუთამდე, სანამ არ იქნება მიღწეული ურთიერთგაგება საერთაშორისო ინსტიტუტებთან. მოხარული ვარ, რომ პარლამენტში გრძელდება ამ თემაზე მუშაობა. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ კვირაში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით საკითხი მეორე მოსმენით განვიხილოთ. პროცესი გრძელდება და შეშფოთების არავითარი მიზეზი არ არსებობს", - განაცხადა ბიუროზე დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის ამ განცხადებას სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე გამოეხმაურა. ბარამიძის თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კანონპროექტი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიუღებელია და ის სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ეროვნულ ბანკს. "ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა წერილიც გამოაგზავნეს პარლამენტში", - განაცხადა ბიუროს სხდომაზე გიორგი ბარამიძემ.

დავით უსუფაშვილმა ბიუროზე შესაბამის სამსახურების წარმომადგენლებს სთხოვა, რომ აღნიშნული წერილი პარლამენტის საიტზე გამოაქვეყნონ.