ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბარატორია ამოქმედდება

ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბარატორია ამოქმედდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წყლის რესურსების მართვის ქართულ-ავსტრიულ უნიკალურ პროექტს იწყებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება თავისი სრულფასოვანი კვლევითი/საექსპერიმენტო ბაზით. პროექტის თაობაზე თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ავსტრიის მთავრობას შორის დასრულდა, შესაბამისად, ლაბორატორიის შექმნასა და აღჭურვაში ქართულ მხარეს დახმარებას ავსტრიის მთავრობის მიერ შერჩეული ავსტრიული კომპანია Bilfinger VAM Anlagentechnik GmbH გაუწევს, რომელსაც ანალოგიური პროექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს განხორციელებული.

პროექტის მიზნები და ამოცანები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა დღეს, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს, ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს გააცნეს.

"როგორც ცნობილია, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ეფექტური ათვისება, ინფრასტრუქტურული პროექტები და სოფლის მეურნეობის ეფექტური განვითარება მეცნიერულად დასაბუთებულ, მაღალპროფესიულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. სწორედ ამ მიზნით, ამოქმედდება ლაბორატორია, რომლის საქმიანობა მსოფლიო გამოცდილებაზე, უახლეს მეცნიერულ მიღწევებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკზე იქნება დაფუძნებული. გამოყენებული იქნება თანამედროვე გამოთვლითი სიმულიაციური მეთოდები, ფიზიკური მოდელირება და ნატურული დაკვირვებები. ლაბორატორიაში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან სპეციალისტები ავსტრიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან. ლაბარატორია აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებითა და აპარატურით. მას ექნება 3 გამოკვეთილი ფუნქცია: სწავლება, კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება. სწავლება მოხდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორია იმუშავებს წყლის რესურსების მართვის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, ჰიდროტექნიკური და ინფრასტრუქტურული ნაგებობებით გარემოზე ზემოქმედების რისკებისა და მოსალოდნელი შედეგების შესწავლა და ანალიზზე. მათი თავიდან აცილებისა და მართვის მეცნიერული საფუძვლების შექმნაზე. გარდა ამისა, ლაბორატორია პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე, აღნიშნული სფეროებით დაინტერესებულ ინვესტორებს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. "ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მსხვილი პროექტების გახორციელებისას, როგორებიც არის ავტობანი, ანაკლიის პორტი, ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და სხვა", - ნათქვამია განცხადებაში.