აფბა: ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში გადასვლა ეკონომიკის დასტაბილურებას გამოიწვევს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის შეფასებით, ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში გადასვლა ეკონომიკის დასტაბილურებას გამოიწვევს.

როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა, პაატა ბაირახტარმა განაცხადა, "აფბა" აანალიზებს ტურიზმში მიმდინარე პროცესებს და მიიჩნევს, რომ ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლა იმ საგარეო ნეგატიური ფაქტორების განეიტრალებაში, რომელიც დღემდე არსებობს, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

"2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ 986 366 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. ეს 2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რაც სავსებით ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენს რეგიონში არსებული კრიზისი ფაქტობრივად, ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანას შეეხო, ხოლო 2015 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული ვიზიტორების 91% სწორედ მეზობელი ქვეყნებიდან იყვნენ შემოსულნი. მაგრამ სურათი განსხვავებულია 2015 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, რომლის თანხმადაც, ვიზიტორების რაოდენობა 6 თვეში, 3.5%-ით აღემატება 2014 წლის 6 თვის მონაცემებს. ტურისტული ნაკდების გადანაწილებასა და ტოპ-ქვეყნების რეიტინგში ქვეყნების განლაგებაზე სავიზო პოლიტიკის გამკაცრებამაც გარკვეული როლი ითამაშა. მაგალითად, ირანი, რომელიც მეექვსე პოზიციას იკავებდა, რეიტინგში მეათე ადგილას გადავიდა, ჩინეთი და ერაყი კი საერთოდ აღარ ხვდებიან ტოპ-15 ქვეყანას შორის. მათი ადგილი რეიტინგში ლიტვამ და ბელორუსმა დაიკავეს. ბოლო პერიოდში ვიზიტორების შესამჩნევი ზრდა ფიქსირდება გერმანიიდან. პირველი კვარტლის მონაცემებით, გერმანიიდან ვიზიტორების რაოდენობა 64%-ით არის გაზრდილი. ასევე გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება ბელორუსის, ყაზახეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართულებებიდან, პირველი კვარტლის მონაცემებით, მათი ზრდა შესაბამისად 39%, 29%, 14%-ს შეადგენს. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, მათი წილი მთლიან რაოდენობაზე 3%-ს არ აღემატება", - განაცხადა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, 2015 წლის პირველ კვარტალში, ერთმა ვიზიტორმა საშუალოდ ქვეყანაში 225$ დატოვა, ჯამში- 241 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი. "თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ტურისტების აქტივობა როგორც წესი, პირველი კვარტლის შემდეგ უფრო მძაფრდება, რასაც ემატება თბილისის 2015 წლის ოლიმპიადა, ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად უნდა ვივარაუდოთ, რომ ზაფხულის სეზონზე ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზრდება თითოეული ვიზიტორის მიერ ქვეყანაში დატოვებული უცხოური ვალუტის რაოდენობაც, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე", - აღნიშნა ბაირახტარმა.