პრემიერმა მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის ლაბორატორია გახსნა

თბილისში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის ლაბორატორია გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა. საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვილი ლაბორატორია სოფლის მეურნეობაში მეწარმეებს, ფერმერებსა და გლეხებს შესაძლებლობას აძლევს, აწარმოოს ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი პროდუქცია, ამავე დროს სახელმწიფოს აქვს რეალური ტექნიკური რესურსი იმისთვის, რომ მომხმარებელი დაიცვას და უვნებელი სურსათით უზრუნველყოს სამომხმარებლო ბაზარი.

"საქართველოში დღეს პირველად გაიხსნა სოფლის მეურნეობის თანამედროვე ლაბორატორია. მინდა აღვნიშნო ამ საქმეში ევროკავშირის წვლილი და დახმრება - ეს პროექტი ქართულმა მხარემ და ევროკავშირმა ერთად განვახორციელეთ. მოგეხსენებათ, რომ აქამდე არც მცენარეთა დაცვის და არც სურსათის უვნებლობის მიმართულებით არანაირი საქმიანობა არ ხორციელდებოდა. ჩვენი მთავრობის პირობებში კი ეს ლაბორატორია გავხსენით. აღნიშნული ლაბორატორია 5 თვეში გაკეთდა და მინდა აღვნიშნო ამ საქმეში მინისტრის დამსახურება. ტემპი მისასალმებელია, უწყება სწრაფად მუშაობს და კარგად აკეთებს საქმეს", - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერმა ლაბორატორიის გახსნის შემდეგ.

მისივე ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის დარგში მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. "ეს არის ის დანაპირები, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა არჩევნებამდე და ეს არის ის საქმე, რომელიც რეალურად ჩანს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, ახლად გახსნილი ლაბორატორია საქართველოში უპრეცედენტო იქნება. "ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოსთვის, ვინაიდან პირველად შეიქმნა მცენარეთა დაცვის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ლაბორატორია. ამასთან ერთად, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სურსათის უვნებლობასაც, რაც ჩვენი მთავრობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ფერმერებს, მოსახლეობას, ასევე ვიზრუნოთ ჩვენ მომხმარებლებზე, რომ მათ ჯანმრთელი, ჯანსაღი პროდუქცია მიიღონ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულებით გაძლიერების მიზნით ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორიის მშენებლობის, თანამდროვე საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვის საერთო ღირებულებამ 2 400 000 ლარი შეადგინა. პროექტი ევროკავშირის დახმარებით და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მობილიზებული ფინანსური რესურსით (800 000 ლარი) განხორციელდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სრულად არის შესაძლებელი ნებისმიერი ფიტოსაკარანტინო თუ სხვა (არასაკარანტინო) საშიში მავნე ორგანიზმების იდენტიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის გახსნას ესწრებოდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მარტინ უარდი.