სემეკმა საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს 13 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს 13 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. სემეკის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გამანაწილებელ კოპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. განხილვის შედეგად, სემეკის ინფორმაციით, მთლიანობაში, 10 ივლისის საჯარო სხდომაზე ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 13 569.02 ლარი შეადგინა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა როგორც ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ასევე მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში ელექტროენერგიის ჩვენების აღების ვადის შემცირების გამო, მოქალაქეებზე ელექტროენერგიის საფასურის მესამე საფეხურის ტარიფით დარიცხვას. კომისიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებმაც აღნიშნულ საკითხზე მომართეს კომისიას, მარტსა და აპრილში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური მეორე საფეხურის ტარიფის შესაბამისად დაუკორექტირდებათ.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე "ფეისბუქის" კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.