გაეროს მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი 60 მილიონს გაუტოლდა

გაეროს უახლესი ანგარიშის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი ბოლო დროს რეკორდულად გაიზარდა და 2014 წელს დაახლოებით 60 მილიონს გაუტოლდა, - ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ბაბატუნდე ოსოტიმეჰინის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც მოსახლეობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გავრცელდა.

მიმართვაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით ქალები და მოზარდი გოგონები იმყოფებიან საფრთხის ქვეშ ჯანდაცვისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო. "ნორმალურ პირობებშიც კი, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები წარმოადგენს რეპროდუქციული ასაკის მყოფი ქალების სიკვდილობისა და ავადობის უმთავრეს მიზეზს. ჰუმანიტარული სიტუაციების დროს შეფასებითი მონაცემებით, ხუთიდან ერთი ქალი ან მოზარდი გოგონა, დიდი ალბათობით ორსულადაა. გამომდინარე იქიდან, რომ კრიზისულ სიტუაციაში კვალიფიციური პერსონალისა და მეან-გინეკოლოგის მომსახურება ხშირად არ არის ხელმისაწვდომი, ორსული ქალებისა და გოგონების სიკვდილობისა და შემდგომი გართულებების რისკი იზრდება. კონფლიქტებისა და ბუნებრივი სტიქიების დროს ქალები და მოზარდი გოგონები ხშირად ხდებიან სექსუალური ექსპლუატაციის, ძალადობისა და იძულებითი ქორწინების მსხვერპლნი. ამასთან ერთად, პოსტ-კრიზისულ პერიოდში ქალების უმრავლესობას ოჯახის გაძღოლა ევალება და მხოლოდ მათ ეკისრებათ ბავშვების მოვლის პასუხისმგებლობა. მათ ხშირად უწევთ რთული დაბრკოლებების გადალახვა, რათა უზრუნველყონ ბავშვები, ავადმყოფები და ხანდაზმულები საკვებითა და სამედიცინო მომსახურებით; გარდა ამისა უწევთ აღდგენითი სამუშაოების შესრულება. ამ ყველაფრის შედეგი კი ის არის, რომ ქალები ხშირად უარს ამბობენ საკუთარ მოთხოვნილებებზე, რადგან ზრუნავენ სხვებზე. ჩვენი ძალისხმევა რთული საგანგებო სიტუაციების, მათ შორის ხანგრძლივად მიმდინარე კონფლიქტების მოგვარებისათვის ხშირად აწყდება ისეთ დაბრკოლებებს, როგორიცაა: სუსტი მმართველობა, კლიმატური ცვლილებები და ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ტერიტორიების დაკავებაზე, რესურსებსა და ძალაუფლებაზე ", - აღნიშნულია მიმართვაში.

ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი ასევე აღნიშნავს, რომ წელს მოსახლეობის მსოფლიო დღის თემა - "მოწყვლადი მოსახლეობა საგანგებო სიტუაციებში," საგანგებოდ შეირჩა, რათა ყურადღება გამახვილდეს ქალებისა და მოზარდი გოგონების საჭიროებებზე კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში.  "გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საზოგადოებაში ქალების, მოზარდი გოგონებისა და ახალგაზრდების როლის გაძლიერება, მათი კეთილდღეობის დაცვა და დახმარება გამოწვევების მოგვარებაში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობებთან, გაეროს სააგენტოებთან, ადგილობრივ პარტნიორებთან და სხვა ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხით, რათა რეპროდუქციული ჯანმრთელობა ინტეგრირებული იყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმაში. გაეროს მოსახლეობის ფონდი უზრუნველყოფს მოწყვლად მოსახლეობას ჰიგიენური ნაკრებებით, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, კონტრაცეპტივებითა და სამეანო ნაკრებებით. გაეროს მოსახლეობის ფონდი ისწრაფვის, რათა ჯეროვანი ყურადღება მიექცეს ქალების, მოზარდი გოგონებისა და ახალგაზრდების საჭიროებებს, როგორც კრიზისის, ასევე აღდგენის პერიოდში. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ქალისა და მოზარდი გოგონას სექსუალური და რეპროდუქციული უფლება იყოს დაცული და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი", - აღნიშნულია მიმართვაში.

მოსახლეობის მსოფლიო დღეს, ფონდი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გააორმაგოს ძალისხმევა ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობისა და უფლებების დასაცავად.  "უნდა მოხდეს ქალთა, მოზარდი გოგონებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, მშვიდობის მშენებლობის საკითხებსა და აღდგენით პროცესებში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო კანონების შესაბამისად, პასუხისგებაში უნდა მისცენ სექსუალურ ძალადობაში მხილებული პირები. ქალების, გოგონებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და მათი უფლებების პრიორიტიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრული ჩართულობის ხელშეწყობა, ქმნის რეალურ პერსპექტივებს უფრო სამართლიანი, სტაბილური და მშვიდობიანი მსოფლიოსთვის", - ნათქვამია მიმართვაში.