ევროჯგუფის შეხვედრა საბერძნეთთან დაკავშირებით უშედეგოდ დასრულდა

საბერძნეთის თაობაზე მოლაპარაკებებს ევროჯგუფი დღეს განაახლებს. "ბიბისის" ცნობით, წუხანდელი მოლაპარაკებები ევროზონის ფინანსთა მინისტრებს შორის უშედეგოდ დასრულდა.

"მოლაპრაკებებს კვირას დილიდან განვაახლებთ. ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკებების მთავარი საკითხი საბერძნეთის ხელისუფლების ავტორიტეტი და ნდობა იყო, ასევე ფინანსური საკითხებიც. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივედით", - აღნიშნა ევროჯგუფის პრეზიდენტმა იერუნ დეისელბლუმმა გუშინ, ბრიუსელში ევროჯგუფის 9-საათიანი შეხვედრის შემდეგ.

ევროზონის 19 ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მისცეს თუ არა საბერძნეთს დახმარების ახალი პროგრამა.

დღესვე ბრიუსელში ევროკავშირის 28 ქვეყნის პირველი პირი საგანგებო სამიტს გამართავს, სადაც საბოლოოდ გადაწყდება საბერძნეთის ვალთან დაკავშირებული საკითხი.