ევროზონის ლიდერთა შეხვედრა საბერძნეთის თაობაზე 20 საათზე მეტია გრძელდება

ბრიუსელში ევროზონის ლიდერთა შეხვედრა გრძელდება. "ბიბისის" ცნობით, უკვე 20 საათზე მეტია, ლიდერები ცდილობენ საბერძნეთის საკითხთან დაკავშირებით კომპრომისს მიაღწიონ.

გავრცელებული ინფორმაციით, წუხანდელი მძიმე მოლაპარაკებების დროს, ერთმანეთს პირისპირ სულ მცირე ორჯერ შეხვდნენ გერმანიის ლიდერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.

უცხოურ მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, პროექტი საბერძნეთის კომპრომისზე მზად არის, თუმცა კონკრეტული დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მანამდე ევროზონის ფინანსთა მინისტრების ორდღიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მინისტრებმა საბერძნეთის კრიზისიდან გამოსვლის პროექტი შეიმუშავეს.

"ბიბისის" ცნობით, ევროზონის ფინანსთა მინისტრების მიერ შემუშავებული ოთხგვერდიანი პროექტის ნიმუში რამდენიმე მოთხოვნისგან შედგება, მათ შორის საბერძნეთის პარლამენტმა 15 ივლისამდე მოახდინოს მთავრობის მიერ წარდგენილი რეფორმების რატიფიცირება, ამბიციური შრომითი და საპენსიო რეფორმების გატარება, საერთაშორისო კრედიტორებისთვის ათენში კანონმდებლობის შემუშავებისთვის სრული უფლების მინიჭება.

გავრცელებული ცნობებით, ალექსის ციპრასი დათანხმდა საბერძნეთის გადარჩენაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაწილეობას, რასაც ზოგიერთი მხარე, მათ შორის გერმანია მკაცრად ითხოვდა.