საბერძნეთის ამბების ფონზე ევროს კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა

ბრიუსელში, საბერძნეთის ფინანსური დახმარების თაობაზე მიღწეული შეთანხმების ფონზე ევროს კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა.

დღევანდელი დილის მონაცემებით, ევრო 0,24%-ით გამყარდა და ერთი ევროს ღირებულებმა 1,1193 დოლარი შეადგინა.

"როიტერის" ცნობით, იენთან მიმართებაში გამყარდა დოლარის კურსიც და ერთი დოლარის ღირებულებამ 122,98 იენი შეადგინა. 0,26%-ით, 95,75 პუნქტით დაეცა დოლარის ინდექსი.

საბერძნეთთან დაკავშირებით ევროზონის ლიდერებმა თითქმის 20-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებას მიაღწიეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ შეთანხმებას მხარეებმა ერთსულოვნად მიაღწიეს.

"ევროსამიტმა ერთსულოვნად მიაღწია შეთანხმებას. ყველაფერი მზად არის საბერძნეთის დახმარების პროგრამისთვის სერიოზულ რეფორმებთან და ფინანსურ დახმარებასთან ერთად", - დაწერა დონალდ ტუსკმა "ტვიტერზე".