საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ უჭერს

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის პანოს კამენოსის განცხადებით, მხარს არ დაუჭერს ბრიუსელში საბერძნეთის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას.

"ბიბისის" ცნობით, ბრიუსელის შეთანხმებით უკმაყოფილო არიან ციპრასის ხელისუფლების სხვა წევრებიც. "გეგმა, რომელიც საბერძნეთის პარლამენტს წარედგინა, ქვეყნის ეკონომიკას არ დაეხმარება. აბსოლუტურად ცხადია, რომ ჩვენ მევალეთა კოლონია ვხდებით", - განაცხადა საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ნიკოლას ტეოკარაკისმა.

საბერძნეთის პარლამენტმა ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების შედეგად მიღებული რეფორმების პაკეტის რატიფიცირება ოთხშაბათამდე უნდა მოახდინოს. რეფორმები გულისხმობს საპენსიო სისტემის გამარტივებას, შრომითი ბაზრის ლიბერალიზაციას, მაღაზიების სამუშაო საათების გაზრდას.

"ბიბისის" ცნობით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების თანახმად, ევროზონა თანახმაა მოლაპარაკებები დაიწყოს საბერძნეთის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტზე, რომლის ოდენობაც 82-86 მილიარდი ევრო იქნება. ასევე შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელსაც საბერძნეთის ხელისუფლება მართავს. ფონდში 50 მილიარდი ევროს ბერძნული აქტივები იქნება. ამ თანხის ნახევარი ბერძნული ბანკების რეკაპიტალიზაციისთვის იქნება მიმართული.