რა საფრთხეებს შეიცავს მარჯვენა საჭის გადატანა და რა ღირს საჭის შეცვლა თბილისში

საჭის გადატანისას საკმარისია ერთი ქანჩის არასწორად გაკეთება და ამას ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება, თითოეული არასწორი მოქმედება საფრთხის შემცველია - ასე აფასებენ სპეციალისტები მარჯვენასაჭიან მანქანებში საჭის მარცხენა მხარეს გადატანას.

აირძალება თუ არა მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საგზაო მოძრაობის სპეციალისტების თქმით, იმის გარდა, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლებს მოძრაობისას გარკვეული პრობლემები ექმნებათ, "ქირურგიული ჩარევა" დაუშვებელია.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ საავტომობილო მექანიკაში ნებისმიერი ჩარევა, თუ ის არაკვალიფიციურად კეთდება, საფრთხის შემცველია.

"არსებობს განსაკუთრებული წესები, რომელიც ავტომობილის მოდიფიცირება-გადაკეთებას ეხება. ეს შეიძლება იყოს ავტომობილისთვის ერთი ზომით მეტი საბურავის დაყენება ან აგრეგატის შეცვლა - ეს მკაცრად რეგლამენტირებულია და გადაკეთების უფლება სპეციალური ნებართვით აღჭურვილ დაწესებულებებს აქვთ. ბუნებაში არ არსებობს წესი, რომელიც ამ ჩამონათვალში საჭის გადატანის რეგლამენტირებას გააკეთებს იმიტომ, რომ საჭის გადატანას მოჰყვება მუხრუჭების სისტემის გადაკეთება, ამას მოჰყვება შესაბამისი ელექტროობის გადაკეთება, ეს ურთულესი პროცესია. ავტომწარმოებლები უშვებენ როგორც მარჯვენასაჭიან, ისე მარცხენასაჭიან მანქანებს და კლიენტს არჩევანის უფლება აქვს. საკმარისია ერთი ქანჩის არასწორად დაფიქსირება, ჩათვალეთ, რომ ის ქანჩი ხრახნიდან ამოიხრახნება და შეიძლება საჭის გარეშე დავრჩეთ მაშინ, როდესაც ავტომობილი 120 კილომეტრ-საათი სიჩქარით მოძრაობს. აღარაფერს ვამბობ არაკვალიფიციურად გადატანილ სამუხრიჭე მექანიზმზე; საკმარისია პატარა უზუსტობა და ჩათვალეთ, რომ ის მუხრუჭი მანქანას აღარ დაიჭერს", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

ოგბაიძის ინფორმაციით, თბილისში არის რამდენიმე ფირმა, რომელთაც მარჯვენა მხარეს არსებული საჭე უმტკივნეულოდ გადააქვთ მაგრამ, მისივე თქმით, ნდობა არ შეიძლება და საფრთხე მუდამ არსებობს.

"საჭის გადატანა ავტომობილზე ძალადობაა, მიიღეთ ისეთი, როგორიც გინდათ. თუ არ გინდათ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, შეიძინეთ მარცხენასაჭიანი, მაგრამ ნუ ეცდება ნურავინ, რომ "გარაჟებში" და საეჭვო წარმოშობის დაწესებულებებში ე.წ. ბალგარკით ამოჭრან მზიდი ელემენტები, რომელიც ავარიის წინაპირობაა. თბილისში არ არსებობს ორგანო, რომელიც აკრედიტაციას გაუკეთებს ისეთ პროფილაქტიკას ან ავტოსერვისს, სადაც საჭე გადააქვთ, ეს არის ტყუილი. რაც შეეხება საჭის გადატანის ფასს, ის 400 დოლარიდან 1500 დოლარამდე ადის. ეს დამოკიდებულია იმაზე, სჭირდება თუ არა მანქანას "საავტომობილო კუზანოვი", რომელმაც საჭე უნდა ამოჭრას და ჩაადუღოს, ეს უკანასკნელი კი ძვირი პროცესია", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

ჟურნალ "ავტო ბილდ საქართველოს" მთავარი რედაქტორის, შაკო ბუაჩიძის თქმით, მარჯვენასაჭიან მანქანებზე იმპორტის შეზღუდვა საჭიროა

, რადგან დროთა განმავლობაში მძღოლები საჭის მარჯვენა მხარეს მართვას მიეჩვევიან და ამ სახის მანქანების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, მოძრაობა კი უფრო გართულდება. "ვეთანხმები იმას, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი შევზღუდოთ იმიტომ, რომ დღეს უფრო მეტი მარჯვენასაჭიანი მანქანა შემოდის, ვიდრე მარცხენასაჭიანი. შესაბამისად, ხალხი უკვე მარჯვენასაჭიანს ყიდულობს და იმდენად მიეჩვევიან, რომ მარცხენასაჭის მართვა გაუჭირდებათ. ეს ტენდენცია საშიშია, 5-6 წლის მერე მარჯვენასაჭიანი მანქანების რაოდენობა და მასზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება. მარჯვენასაჭიანი მანქანის მძღოლებს ტრასაზე სერიოზული პრობლემა ექმნებათ, რადგან როცა გასწრებაზე გადიხარ, მარჯვენა მხარეს არსებული საჭიდან წინ მიმავალ მანქანებს ვერ დაინახავ, ეს პროცესი ქალაქში ნაკლებად სახიფათოა. საჭის გადატანას ჯობია იყოს მარჯვენასაჭიანი ქარხნული მანქანები იმიტომ, რომ მანქანის იდეალური მდგომარეობა არის ქარხნული წარმოება, ანუ ისეთი როგორიც თავიდან იყო. შეიძლება ვიღაცამ საჭე კარგად ან ცუდად გადაიტანოს, მაგრამ ჯობია წესი არ დავარღვიოთ და საჭე იყოს იმ მხარეს, სადაც თავდაპირველად გააკეთეს", - ამბობს შაკო ბუაჩიძე.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE